სად მიიღებენ ტაქსის მძღოლები სალონების ქიმიური წმენდის უფასო სერვისს

გამოწერა
პირველი ნოემბრიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, ავტომანქანის სალონების ქიმიური წმენდის ვაუჩერით ისარგებლონ

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. პირველი ნოემბრიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებმა ავტომობილების სალონებისთვის ქიმწმენდის უფასოდ ჩასატარებლად კომპანიებს „ავტო-სპას" და „ავტო - შხაპს" უნდა მიმართონ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

თბილისში 700-მდე ტაქსის მძღოლს ჯარიმებს ჩამოაწერენ>>

„ავტო სპა" ისანში, ბერი სალოსის გამზირის N31-ში „დირსის" კორპუსებთან ახლოს მდებარეობს, ხოლო „ავტო შხაპი" - შეშელიძის N68-ში, გლდანის მეტროსთან ახლოს.

„გამოქვეყნებულ კონკრეტულ მისამართებზე A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ მიბრძანდნენ და ყოველგვარი გადასახადების გარეშე ისარგებლონ ამ სერვისით. გარდა ამისა, ვინც ისარგებლებს აღნიშნული ვაუჩერებით, მათ უფასოდ გადაეცემათ ტექნიკურ მომსახურებაზე 20%-იანი ფასდაკლების ბარათები", - განაცხადა კახა კალაძემ.

სიახლის შესახებ ინფორმაციას A კატეგორიაში ჩართული ყველა მძღოლი sms-ითაც მიიღებს.

ტაქსი - Sputnik საქართველო
„დაჯარიმდებით!" - კალაძემ ტაქსის მძღოლები გააფრთხილა

კახა კალაძის ცნობით, A კატეგორიაში მონაწილე ტაქსების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ამჟამად გაცემულია 13 000-მდე ლიცენზია. რეგისტრირებულთა რაოდენობა კი წინა კვირასთან შედარებით 2000-ით გაიზარდა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს. სხვა მნიშვნელოვანი ეტაპებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ", – განაცხადა კახა კალაძემ.

A კატეგორიის ტაქსების სალონებისთვის ქიმწმენდის უფასოდ ჩატარებას თბილისში გატარებული ტაქსების რეფორმა ითვალისწინებს.

თბილისში ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, გასული წლის ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება დაავალდებულეს. მეორე ეტაპზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ტაქსების А და В კატეგორიებად დაყოფის ნორმა.

კალაძე: ტაქსის რეფორმა წარმატებული გამოდგა, მუხედავად იმისა, რომ მოდიოდა შემოტევები>>

A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე. А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით.

ყველა ახალი ამბავი
0