ევროპის მოედანი თბილისში

„თბილისობა-2019“: დედაქალაქის ცენტრში ავტობუსების მარშრუტი შეცვლილია

93
(განახლებულია 11:21 06.10.2019)
ავტომობილების მოძრაობა საქართველოს დედაქალაქის ცენტრში შეზღუდულია

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ისტორიულ ნაწილში, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ნათქვამია თბილისის მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„თბილისობა-2019“: დედაქალაქში ზეიმი დაიწყო >>

ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები – N31, N44, N80 და N102 ევროპის მოედნის ნაცვლად კოტე აფხაზის ქუჩას გაივლიან.

გარდა ამისა, მოძრაობა შეიზღუდა ათონელის ქუჩაზე და ნაწილობრივ ევროპის მოედანზე. ამის გამო, მეტეხის აღმართიდან ავტომობილები გააგრძელებენ მოძრაობას ევროპის მოედნის მიმართულებით, ხოლო გვირაბიდან გამოსული ტრანსპორტის ნაკადი ერთ ხაზზე გაემართება ევროპის მოედნის წრეზე და განაგრძობს მოძრაობას მეტეხის აღმართისკენ ან უკან დაბრუნდება.

გადაკეტილია ლეღვთახევის ქუჩა და ორბელიანის მოედანი - მანქანები ბარათაშვილის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.

ასევე, ღამის 12 საათიდან გადაიკეტა მარცხენა სანაპირო. ამიტომ მანქანები წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით გადაადგილებას ვერ შეძლებენ. ისინი მოძრაობას ისნის მიმართულებით გვირაბის გავლით გააგრძელებენ.

თბილისის მერიამ დისკომფორტის გამო ბოდიში მოიხადა.

სადღესასწაულო ღონისძიებები 5-6 ოქტომბერს წელს ოთხ ლოკაციაზე – რიყეზე, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდსა და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება.

კვირას საღამოს ევროპის მოედანზე სტუმრები საჰაერო თეატრის წარმოდგენას იხილავენ, რომელშიც მონაწილეობენ ბრიტანელი და ესპანელი აკრობატები. არტისტები დაუვიწყარ შოუს როკ-მუსიკის თანხლებით გამართავენ.

წელს „თბილისობა“ 35-ედ აღინიშნება. პირველად დედაქალაქის დღე 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ–ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.

2018 წლიდან „თბილისობა“ ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ–კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.

93
თემები:
თბილისი დღეს (1321)