ევროპის მოედანი

„თბილისობა - 2019": ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

168
(განახლებულია 15:47 04.10.2019)
დედაქალაქის ავტობუსები მარშრუტს შეიცვლიან და ევროპის მოედნის ნაცვლად კოტე აფხაზის ქუჩაზე იმოძრავებენ.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. „თბილისობის" საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისის ისტორიულ ნაწილში, ევროპის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა იზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

წელს „თბილისობა" 5-6 ოქტომბერს აღინიშნება. ღონისძიებები გაიმართება ევროპის მოედანსა და მეტეხის ხიდზე, ასევე აბანოთუბნიდან გორგასლის მოედნის მიმართულებით.

„ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები – N31, N44, N80 და N102 ევროპის მოედნის ნაცვლად კოტე აფხაზის ქუჩას გაივლიან", – აღნიშნულია განცხადებაში.

5 ოქტომბერს, ღონისძიების ფარგლებში, საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია და გალა-კონცერტი „მე ვარ თბილისი" გაიმართება. 6 ოქტომბერს კი ევროპის მოედანზე სტუმრები საჰაერო თეატრის წარმოდგენას იხილავენ, რომელშიც მონაწილეობენ ბრიტანელი და ესპანელი აკრობატები.

წელს „თბილისობა" 35-ედ აღინიშნება. პირველად დედაქალაქის დღე 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ–ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.

2018 წლიდან „თბილისობა" ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ–კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.

168
თემები:
თბილისი დღეს (1323)