„ფორსაჟის“ გადაღებები

„ფორსაჟის“ გადაღებები ნუცუბიძის პლატოზე ინაცვლებს: განრიგი და მარშრუტები

391
ადგილობრივ მოსახლეობას დილის და საღამოს საათებში ფილმის გადამღები კომპანიის ავტოტრანსპორტი მოემსახურება

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. თბილისში ცნობილი ჰოლივუდური ფილმის „ფორსაჟი 9“-ის ეპიზოდების მიმდინარე გადაღებებთან დაკავშირებით 8 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე ნუცუბიძის ფერდობის ცალკეულ საგზაო მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია.

8 სექტემბრის 00:00 საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე: პაატა დათუაშვილის ქუჩასა (მე-4 მიკრორაიონი) და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთზე (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე) მოძრაობა სრულად აიკრძალება. ასევე, დაიკეტება თამაზ ნადარეიშვილის ქუჩა, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის კვეთამდე, ავტომანქანები კი მოძრაობას გააგრძელებენ მხოლოდ ლისის ტბის მიმართულებით.

მოცემულ პერიოდში ავტოტრანსპორტით გადაადგილება ასევე აიკრძალება ელგუჯა ამაშუკელისა და პაატა დათუაშვილის ქუჩებზე გამომსვლელ ყველა ქუჩაზე. ნუცუბიძის ფერდობის მე-4 მიკრორაიონში მაცხოვრებელი მოსახლეობა გადაადგილებას შეძლებენ როგორც ვარაზის ქუჩით და ბესო ჟღენტის ქუჩის გავლით ნუცუბიძის ქუჩაზე; ასევე, მოძრაობას შეძლებენ ლისის ტბის მხრიდან ვაშლიჯვრის მიმართულებით.

ვაშლიჯვრიდან ნუცუბიძის ფერდობზე მიმავალი ავტომანქანები ლისის ტბის წრიდან იმოძრავებენ ბერიტაშვილის ქუჩაზე, საიდანაც მე-4 მიკრორაიონში მოხვდებიან.

10 სექტემბერს: 00:00 საათიდან 11 სექტემბრის 00:00 საათამდე მოძრაობის შეზღუდვა გაფართოვდება და დამატებით მოიცავს ვარაზის ქუჩის მონაკვეთს ჟღენტის ქუჩიდან მე-4 მიკრორაიონის N19 ბ კორპუსამდე.

ნუცუბიძის ფერდობის მე-5 მიკრორაიონამდე მისასვლელი გზა სრულად დაიკეტება. მე-5 მიკრორაიონში მცხოვრებ მოსახლეობას ქალაქის სხვა უბნების მიმართულებით, როგორც ქვეითად, ასევე, კერძო ავტომობილებით, გადაადგილება შეუფერხებლად შეეძლება 00:00 საათიდან 08:00 საათამდე.

ადგილობრივ მოსახლეობას დილის და საღამოს საათებში ფილმის გადამღები კომპანიის ავტოტრანსპორტი მოემსახურება. ასევე, დღის განმავლობაში პერიოდულად გაიხსნება მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩისკენ მიმავალი გზა.

შსს-ს ცნობით, ფილმის გადაღებებთან დაკავშირებით მოძრაობის შეზღუდვა უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით  მოხდება.

საქართველოში ცნობილი ფრენჩაიზის გადაღებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში" პროექტის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება.

აგვისტოში გადაღებებში რვა უპილოტო საფრენი აპარატი და იყო ჩართული, სექტემბრიდან კი გადაღებებში ერთი ვერტმფრენი ჩაერთო.

როგორც ცნობილია, ამერიკული ბლოკბასტერი „ფორსაჟი 9"-ის გადაღებები (Fast and Furious) სახელმწიფო ბიუჯეტს 32 მლნ ლარით შეავსებს. თანხაში შედის ტექნიკის, შენობების იჯარა და დასაქმებული პერსონალის ანაზღაურება.

391
თემები:
თბილისი დღეს (1370)