დინამო-არენა

რაგბიში ისტორიულ მატჩთან დაკავშირებით „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩები გადაიკეტება

102
(განახლებულია 19:13 31.08.2019)
ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის მიმდებარე ქუჩები მატჩის დასრულებამდე მთლიანად იქნება დაკეტილი

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. რაგბიში საქართველო-შოტლანდიის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩთან დაკავშირებით 20:00 საათიდან მატჩის დასრულებამდე „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩები დაიკეტება, იუწყება პირველი არხი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით.

შოტლანდიასთან გასამართი ტესტ-მატჩი არის მოსამზადებელი პროცესის ნაწილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც წელს იაპონიაში 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე გაიმართება. პირველ ტესტ-მატჩში, რომელიც თბილისში სამი დღის წინ შემდგა, საქართველომ სამხრეთ-აფრიკულ კლუბ „საუთერნ კინგსს“ ანგარიშით 24:20 მოუგო. დასკვნით ტესტ-მატჩს „ჯვაროსნები“ კვლავ შოტლანდიის წინააღმდეგ ედინბურგში 6 სექტემბერს გამართავენ.

„მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე – „დინამო არენა“ რაგბიში საქართველო-შოტლანდიის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩთან დაკავშირებით 20:00 საათიდან მატჩის დასრულებამდე მთლიანად დაიკეტება სტადიონის მიმდებარე ქუჩები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კერძოდ, საუბარია გიორგი ცაბაძის და დავით ყიფიანის ქუჩებზე სრულად, ხოლო წინამძღვრიშვილის ქუჩა ნაწილობრივ დაიკეტება.

მარცხენა სანაპიროდან ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ცაბაძის ქუჩაზე, შესაბამისად ისინი მოძრაობას გააგრძელებენ პირდაპირ – ვახუშტის ხიდის მიმართულებით.

აკაკის წერეთლის გამზირიდან სტადიონისკენ მოძრავი ავტომანქანები ქუთაისის ქუჩით ისარგებლებენ, საიდანაც მოძრაობის გააგრძელებენ როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა სანაპიროზე.

ხოლო ვახუშტის ხიდიდან გადმომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ დიდუბის მეტროს მიმართულებით, აღნიშნულია ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ყველა აღნიშნულ ქუჩაზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.

102
თემები:
თბილისი დღეს (1249)