გლდანის განახლებული პარკის გახსნა

დაპირება შესრულებულია: გლდანში განახლებული პარკი საზეიმოდ გაიხსნა

147
(განახლებულია 11:01 03.08.2019)
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გლდანის მეექვსე მიკრორაიონში განახლებული პარკი დედაქალაქის მერთან ერთად დაათვალიერა

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. მწვანე სივრცეების შექმნა მთავრობის მწვანე პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია,  განაცხადა საქართველოს პრემიერ– მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარასკევს გლდანის მეექვსე მიკრორაიონში განახლებული პარკი საზეიმოდ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

თბილისში მტკვრის პირას გიგანტური პარკი გაშენდება >>

„როდესაც  ვმუშაობდით თბილისის განვითარების პროგრამაზე,  მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ვისმენდით თქვენგან, თბილისელებისგან, იყო მსგავსი მწვანე სივრცეების შექმნა, რაც ასე ძალიან გვაკლია ამ ლამაზ ქალაქში და ეს არის ჩვენი მწვანე პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი მსგავსი სივრცე, სადაც მომავალი თაობა გაიზრდება“, – განაცხადა პრემიერმა გლდანის პარკის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

განახლებული პარკის გახსნა გლდანის მოსახლეობას თბილისის მერმა კახა კალაძემაც მიულოცა.

„ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერისა და თანადგომის გარეშე შეუძლებელია იმ პროექტების განხორციელება, რასაც დედაქალაქის მერია აკეთებს. მიხარია, რომ დღეს გლდანში განახლებული პარკი გავხსენით. ეს არის რაიონი, სადაც გავატარე ჩემი ბავშვობის გარკვეული პერიოდი. ჩემი წარმატება სწორედ გლდანიდან დაიწყო. როდესაც წინასაარჩევნოდ აქ მოვედი, ძალიან ბევრი ადამიანი დამხვდა, რომელთა თხოვნაც იყო, ეს სივრცე მოგვეწესრიგებინა. მე მათ პირობა მივეცი, რომ ძალიან მალე ამ პროექტს განვახორციელებდით. დღეს ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ ამდენ გახარებულ ადამიანს, გაბრწყინებულ პატარებს ვხედავ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ 1800 კვადრატული მეტრის ფართობის პარკის განახლებაზე 130 ათასი ლარი გამოყო.

პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა ამფითეატრი, ფანჩატურები და შადრევანი; განახლდა ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ატრაქციონებს.

6570 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი, სკვერის მიმდებარე ტერიტორია მოპირკეთდა კირქვით, მოეწყო საველოსიპედო ბილიკები.

 

147
თემები:
თბილისი დღეს (1417)