სამარშრუტო ტაქსი თბილისში

მოწევა კლავს! სამარშრუტო ტაქსიში მოწევის გამო მძღოლს მართვის უფლება შეუჩერეს

109
(განახლებულია 20:06 29.07.2019)
სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს, მსგავსი ინციდენტების შესახებ ინფორმაცია „ცხელ ხაზზე“ დააფიქსირონ.

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. თბილისში #42 მარშრუტის მიკროავტობუსის მძღოლს, რომელიც მიკროავტობუსში სიგარეტს ეწეოდა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთი თვით შეუჩერდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ვრცელდება ვიდეო, სადაც ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლი სიგარეტს ეწევა >>

მძღოლის შესახებ ვიდეო სოციალურ ქსელში კვირას მიკროავტობუსის ერთ-ერთმა შეწუხებულმა მგზავრმა ატვირთა.

როგორც „თბილისის მიკროავტობუსის" განცხადებაში წერია, ამ მძღოლს განმეორებით შემთხვევაზე კომპანია კონტრაქტს გაუწყვეტს.

„კომპანიის მონიტორინგის სამსახურმა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაუყოვნებლივ შეუჩერა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთი თვის ვადით, ხოლო განმეორებით შემთხვევაზე, „თბილისის მიკროავტობუსის” შიდა სანქციების მიხედვით, მას კონტრაქტის შეწყვეტა ემუქრება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს, მსგავსი ინციდენტების შესახებ ინფორმაცია „ცხელ ხაზზე“ დააფიქსირონ და ამგვარი შემთხვევების მიმართ კატეგორიულად მიუღებელ პოზიციას აფიქსირებს.

შპს „თბილისის მიკროავტობუსი“, რომელიც 2011 წელს დაარსდა, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ოთხი კომპანიის – შპს „თბილ ლაინის“, შპს „კაპიტალ გრუპის“, შპს „ფაბლიქ ქარის“ და შპს „თბილ ქარის“ მართვას ახორციელებს. აღნიშნულმა კომპანიებმა ოცი წლის ვადით თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანის ნებართვა მოიპოვეს.

საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი 2017 წლის მაისში დაამტკიცა. 2018 წლის 1 მაისიდან საქართველოში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში – ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში, კაფეებსა და ნებისმიერ სხვა შენობაში. გამონაკლისს ბარებისა და რესტორნების ღია ვერანდები და ტერასები წარმოადგენს.

თამბაქოს მოხმარებასთან ბრძოლის პარალელურად ხელისუფლება მწეველთა სასარგებლოდ გარკვეულ დათმობაზე მაინც წავიდა. აღნიშნულ კანონში შესწორებები 2019 წლის დასაწყისში შევიდა, რომლის თანახმად, თამბაქოს მოხმარება ნებადართული გახდა უმაღლესი სასწავლებლების, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების ეზოებში.

თუმცა, მრავალბინიანი სახლების ჰოლში, სადარბაზოში, დერეფანში, ლიფტში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოხმარებისთვის გაიზარდა ჯარიმები.

თუ ადრე ჯარიმა 50 ლარს შეადგენდა, ახლა მისი ოდენობა 100 ლარამდე გაიზარდა. ასევე გაორმაგდა ჯარიმა კანონის ხელმეორედ დარღვევისთვის – 200 ლარი.

ამას გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებისთვის ჯარიმა შემცირდა – მუშაობის დროს თამბაქოს მოხმარებისთვის ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად 200 ლარი იქნება.

109
თემები:
თბილისი დღეს (1426)