სარემონტო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე

რა ბედი ელის ჭავჭავაძის გამზირს თბილისში მძღოლების გამოკითხვა ჩატარდება

127
(განახლებულია 20:19 02.07.2019)
ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის დაგეგმარების დროს მძღოლების აზრს გაითვალისწინებენ.

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. თბილისის მერია საპატრულო პოლიციის ხელშეწყობით ჭავჭავაძის გამზირთან დამაკავშირებელ ქუჩებზე მძღოლებს გამოკითხავს.

ყველაფერი განახლდება: როგორ არემონტებენ ჭავჭავაძის გამზირს თბილისში – ფოტო >>

გამოკითხვა ჩატარდება ოთხშაბათს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 10:00-დან 11:00 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე.

„გამოკითხვის მიზანია სატრანსპორტო ნაკადების შესწავლა, რაც ძირითადად გადაადგილების დაწყებისა და დასრულების წერტილების შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას ითვალისწინებს. მიღებული ინფორმაცია ჭავჭავაძის გამზირის სატრანსპორტო სქემის თანამედროვე სტანდარტებით დაგეგმარებისთვის იქნება გამოყენებული“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

დედაქალაქის ცენტრალურ გზებზე, მათ შორის, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსებისთვის გამოყოფილი ზოლების მოწყობის რეკომენდაცია თბილისის მერიას ფრანგულმა კომპანია „სისტრამ“ მისცა.

მერიამ კომპანია Sistra-ს დაუკვეთა კვლევა, რომელმაც განსაზღვრა, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში. კვლევის ფარგლებში გაცემულია რეკომენდაციები ახალი სამარშრუტო სქემის შესახებ, ასევე ტრანსპორტის შესყიდვების სქემა და გეგმა.

მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე მაისის ბოლოს დაიწყო. დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ გამზირის გადაკეტვა ეტაპობრივად გადაწყვიტა. პირველ ეტაპზე ჩაიკეტა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან „პიქსელის" შენობამდე მონაკვეთი, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია.

სარემონტო სამუშაოები დაახლოებით სამ თვეს გაგრძელდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაახლოებით 2,5 კმ გზის მონაკვეთს და აღდგება გზის საფარი, მოწესრიგდება სანიაღვრეები, პანდუსები და ბორდიურები. მოეწყობა ავტობუსების ზოლები, საფეხმავლო ბილიკები, ასევე სრულად შეიცვლება განათება.

127
თემები:
თბილისი დღეს (1377)