"არ აჰყვეთ ფიჭვებზე მანიპულაციებს": კალაძე თბილისელებს აფრთხილებს

© Facebook / photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხმები, თითქოს ხეებს სპეციალურად ახმობენ, რათა მათ ადგილზე მშენებლობები დაიწყოს, რეალობას არ შეესაბამება, განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. დაავადებული და გამხმარი ფიჭვების სანიტარული ჭრა თბილისში უახლოეს დღეებში დაიწყება და ამ თემით მანიპულირება არ ღირს, განაცხადა ქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

კალაძის განმარტებით, თბილისში მასიურად ხმება ხეები, რაც ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს. ხოლო ხმები, თითქოს ხეებს სპეციალურად ახმობენ, რათა მათ ადგილზე მშენებლობები დაიწყოს, რეალობას არ შეესაბამება.

„უახლოეს დღეებში კონკრეტულ ლოკაციებზე, ქუჩებზე, იწყება გამხმარი ფიჭვების ჭრა. მინდა წინასწარ გავაფრთხილო საზოგადოება, რომ ისინი არავინ შეიყვანოს შეცდომაში. ამ თემით ხშირად მანიპულირებდნენ: მოსახლეობას ატყუებდნენ, თითქოს ჯანმრთელი ხეები მშენებლობებისთვის იჭრებოდა“, — განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისის მერია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს „მწვანე პოლიტიკას“ და, შესაბამისად, მოჭრილი ხეების ადგილზე ახალი მცენარეები დაირგვება.

აღსანიშნავია, რომ 20 ათასზე მეტი დაავადებული და გამხმარი ხის მოჭრის პროცესი უკვე დაწყებულია. ეს ხეები ჭრის დაწყებამდე სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა.

უახლოეს დღეებში ჭრები დაიწყება თამარაშვილის სახელობის სკვერში, ვერის ბაღში და ასევე 9 აპრილის პარკში.

ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ სანიტარული ჭრის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ასევე ეფუძნება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევებსაც. სწორედ ამ კვლევებით გამოვლინდა, რომ მავნებელი Tomicus Destruens-ის მოსასპობად აუცილებელია მასშტაბური სანიტარული ჭრები და სხვა ფიტოსანიტარული ღონისძიებები.

ყველა ახალი ამბავი
0