თბილისი

ვაშლიჯვრის ესტაკადა ერთ კვირაში გაიხსნება

90
(განახლებულია 18:54 12.06.2019)
პროექტი, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობის განტვირთვას უზრუნველყოფს.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ვაშლიჯვრის ესტაკადაზე ძირითადი, კონსტრუქციული ტიპის სამუშაოები უკვე დასრულებულია და ის ერთ კვირაში გაიხსნება, აღნიშნულია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვაშლიჯვრის ახალი, ორდონიანი ესტაკადის მასშტაბური სამშენებლო სამუშაო 2018 წლის აგვისტოდან მიმდინარეობს და ის 180 დღეში უნდა დასრულებულიყო.

„ისეთი მდგომარეობაა, რომ მანქანა შეიძლება მიწაში აღმოჩნდეს" – ჭავჭავაძის გამზირი იკეტება>>

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროექტის ცვლილების გამო ესტაკადის მშენებლობის დასრულების ვადები გაიწელა.

„ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს, თუ როდის დასრულდება ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობა. მინდა განმარტება გავაკეთო, რომ მშენებლობის პროექტი შეიცვალა. გვსურდა მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა იქ არსებული ხე-მცენარეები. თუ არ ვცდები, პირველი პროექტით იქ 100-მდე ხე უნდა მოჭრილიყო, რაც სერიოზული პრობლემა იყო და კერძო საკუთრებასაც ვეხებოდით. შესაბამისად, პროექტის ცვლილების გამო დრო გაიწელა", – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით კი, ვაშლიჯვრის ესტაკადაზე ძირითადი, კონსტრუქციული ტიპის სამუშაოები უკვე დასრულებულია.

„ორი დღის წინ დასრულდა მოაჯირების მონტაჟი. რადგანაც ესტაკადის დასრულების შემდეგ მაღალი ინტენსივობით მოძრაობა იქნება, მივიღეთ გადაწყვეტილება, იგივე ტიპის ასფალტი გამოვიყენოთ, რაც ბარათაშვილის აღმართზე. ეს სამუშაოები დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება და შემდეგ მოსახლეობა შეძლებს აღნიშნული ესტაკადით ისარგებლოს", – განაცხადა ბენდელიანმა.

პროექტი, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობის განტვირთვას უზრუნველყოფს, ხოლო საბურთალოსა და დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას გაზრდის.

პროექტის მიხედვით, მოძრაობა ასევე განიტვირთება ნუცუბიძის პლატოდან ვაშლიჯვრის გავლით დიღმის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.

პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

90
თემები:
თბილისი დღეს (1104)