თბილისის ხედი

დასახელდა ინვესტირებისთვის ყველაზე მომგებიანი სფეროები თბილისში

105
Deloitte Georgia-მ გამოავლინა ყველაზე მომგებიანი სფეროები ინვესტიციების განსახორციელებლად თბილისში

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ინვესტიციების დაბანდების კუთხით თბილისში ყველაზე მომგებიან სექტორებად დასახელდა ტურიზმი, ჯანდაცვა, გართობის სფერო, ვაჭრობა და ფარმაცევტიკა, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

კომპანია Deloitte Georgia-მ თბილისის მერიის დაკვეთით თბილისში ინვესტირების კუთხით ყველაზე მომგებიანი სფეროების გამოსავლენად კვლევა ჩაატარა. კვლევაზე დაახლოებით 160 000 ლარი დაიხარჯა. მისი პრეზენტაცია სამშაბათს გაიმართა.

„აღნიშნული კვლევა ემსახურება თბილისის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის, ასევე, თბილისის ეკონომიკის დივერსიფიკაციას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობს, რომ ინვესტირება მოხდეს ისეთ სექტორებსა და ქვესექტორებში, სადაც ზრდის მაღალი პოტენციალია“, - განაცხადა თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ.

მისი თქმით, გამოკვეთილი სექტორებია ტურიზმი, საცალო ვაჭრობა, კრეატიული სექტორი. შესწავლილ იქნა ჯანდაცვის სექტორი - პლასტიკური ქირურგია, ასევე, ფარმაცევტიკა და გამოიკვეთა ბიდიოსექტორი ანუ ბიზნესპროცესების აუთსორსინგი.

კვლევა მოიცავს თბილისის მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის მიმოხილვას, არსებული სექტორების შეფასებას, მათ იდენტიფიცირებასა და ანალიზს. კვლევის საფუძველზე მომზადდა დეტალური რეკომენდაციები ინვესტორებისა და თბილისის მერიის სამომავლო თანამშრომლობისთვის.

ინვესტიციები საქართველოში შემცირდა - ხელისუფლება სიმშვიდეს ინარჩუნებს >>

კერძოდ, ინვესტორებისთვის შედგენილია ლოკაციების ნუსხა, რომელიც ამჟამად თავის ინვესტორებს ელოდება. ნუსხაში წარმოდგენილია ლოკაციები მიწისქვეშა ავტოპარკინგების, პარკების, საცხოვრებელი სახლების და მუხიანში მსხვილი სავაჭრო ცენტრ „რადიო ქალაქის“ მშენებლობისთვის.

„კვლევა მნიშვნელოვანია დედაქალაქის გრძელვადიანი, მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისთვის. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და ეს კვლევაშიც კარგად გამოჩნდება, თუ რამდენად დიდი რესურსი გააჩნია ჩვენს ქალაქს, მაგრამ აქ მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ უნდა მოხდეს ქალაქის სწორი განვითარება“, - ხაზგასმით აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ პრეზენტაციაზე.

კომპანია „Deloitte საქართველომ“ შეისწავლა წარმატებული მაგალითები რამდენიმე ევროპული ქალაქის მიხედვით და თბილისის მერიას წარუდგინა რეკომენდაციები, როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული სექტორების ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვის და განვითარების მიმართულებით, მათ შორის მუნიციპალური პროგრამების მხარდაჭერით.

ავტორიტეტულმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველო 2019 წლის საუკეთესო დინამიკურ საინვესტიციო მიმზიდველ ქვეყნად დაასახელა.

რითია საქართველო საინტერესო ინვესტორებისთვის >>

Global Finance-ის შეფასებით, გლობალური სავაჭრო დაძაბულობისა და შიდა პრობლემების გათვალისწინებით, 2018 წელი გარდამავალი გახდა ვალუტის, საქონლის ფასებისა და ინვესტორების ნდობის მერყეობის თვალსაზრისით. ამ ფონზე საქართველო იმ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, რომლებიც ხასიათდებიან შთამბეჭდავი პროგრესითა და ინვესტორების მხრიდან ინტერესის ზრდით.

105
თემები:
თბილისი დღეს (1102)