ახალი კორპუსების მშენებლობა

დიდ დიღომში სპორტული მოედნის ტერიტორიაზე ადგილობრივებმა აქცია გამართეს

69
(განახლებულია 19:02 02.06.2019)
აქციის მონაწილეები ადგილზე სარეკრეაციო ზონის მოწყობას მოითხოვენ.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში სპორტული მოედნის ტერიტორიაზე მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადგილზე სარეკრეაციო ზონის მოწყობას მოითხოვენ. მათი ინფორმაციით, რაგბისა და ფეხბურთის მოედნის ტერიტორია 2008 წელს გაიყიდა და ამ ადგილას მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენება იგეგმება.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ,  ადგილზე კორპუსის აშენების უფლებას არავის არ მისცემენ.

აქციის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ იმ ადგილის მესაკუთრე ოჯახებიც, სადაც მშენებლობა უნდა დაიწყოს. მათი თქმით, ადგილობრივების პროტესტი მათთვის მიუღებელია, რადგან თავადაც დაზარალებულები არიან სახელმწიფოს მხრიდან. 

როგორც ისინი აცხადებენ, წლების წინ მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი და ტერიტორია მერიამ გადასცა, რათა 20-ზე მეტმა დაზარალებულმა ოჯახმა შეძლოს სახლების აშენება.

ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მერიისგან ითხოვენ, დაზარალებულ ოჯახებს კორპუსის ასაშენებლად ალტერნატიული ადგილი შესთავაზონ.

როგორც თბილისის  მერიაში აცხადებენ, საკითხზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

69
თემები:
თბილისი დღეს (1110)