„ყაზტრანსგაზის“ ავტომობილი

საგანგაშო სტატისტიკა: აპრილში 7 ათასზე მეტი აკრძალული გაზდანადგარი  ჩაჭრეს

124
(განახლებულია 17:50 05.05.2019)
ყველაზე მეტი - 1,4 ათასი ღიაკამერიანი აკრძალული გაზდანადგარი „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა სამგორის რაიონში ჩაჭრეს

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებმა აპრილში 7,2 ათასი ღიაკამერიანი აკრძალული, წყალგამაცხელებელი და გაზგამათბობელი ჩახსნეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა განმეორებით ჩაიჭრა, რადგან ერთხელ უკვე ჩაჭრილი დანადაგრები ბინის მეპატრონეებმა თვითნებურად, კუსტარულად დააერთეს ქსელზე.

ამ მხრივ ყველაზე მეტი 1,4 ათასი ღიაკამერიანი აკრძალული გაზდანადგარი „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა სამგორის რაიონში ჩაჭრეს. აკრძალული ღიაკამერიანი გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების განმეორებითი ჩაჭრის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი წყნეთში დაფიქსირდა, სულ 46.

2019 წლის მარტშიც მსგავსი ვითარება იყო - კომპანია „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებმა 2,9  ათასი კუსტარულად დამონტაჟებული ღია წვის კამერიანი გაზის ხელსაწყო განმეორებით მოხსნეს. ოჯახები, სადაც ეს დანადგარები ჩახსნეს, მათი გამოყენების საფრთხის შესახებ ადრე გააფრთხილეს, მაგრამ ბევრმა ეს არ გაითვალისწინა. განმეორებითი შემოწმებისას ბევრ შემთხვევაში „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებს იგივე სურათი ხვდებოდათ.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აფრთხილებს მოსახლეობას, კუსტარულად, თვითნებურად მიერთებული და ღიაკამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია, როგორც ოჯახის წევრებისთვის, ასევე მეზობლებისთვის.

ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული გახდა. იანვარში თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. ასევე იანვრის ბოლოს ისანში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, თებერვლის ბოლოს კი ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაფიქსირდა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის" განცხადებით, კომპანიის სპეციალისტებმა 2018 წელს თბილისში საცხოვრებელ ბინებში 70 ათასამდე კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული, ღია კამერიანი გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი ჩახსნეს.

124
თემები:
თბილისი დღეს (1069)