ავტობუსის გაჩერება თბილისში

თბილისელებს ახალი ავტობუსების ფერის არჩევა შესთავაზეს

167
კომპანია Isuzu-ს ავტობუსები ლურჯი ან მწვანე ფერის იქნება

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შესთავაზა თბილისელებს აირჩიონ ახალი რვამეტრიანი ავტობუსების ფერი და მონაწილეობა მიიღონ გამოკითხვაში. ამის შესახებ მან თავის ვიდეობლოგში ისაუბრა.

მერის თქმით, იანვარში გამოცხადებულ ტენდერში იაპონურმა კომპანია Isuzu-მ გაიმარჯვა და წლის ბოლომდე ქალაქში 220 ახალი რვამეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს.

„მინდა გავითვალისწინო თბილისელების მოსაზრება ტრანსპორტის ფერთან დაკავშირებით. ჩვენ ეს მიდგომა და დამოკიდებულება გვქონდა, როდესაც 10-მეტრიანი ავტობუსები შევიძინეთ. განვახორციელეთ შესყიდვა და ფერი თბილისელებთან ერთად შევარჩიეთ“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძის Facebook-გვერდზე უკვე გაჩნდა გამოკითხვა, სადაც თბილისელებს შეუძლიათ აირჩიონ ახალი ავტობუსების დიზაინი - ან ლურჯი, ან მწვანე ფერის.

„ჩემთვის თქვენი აზრი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება აქტიურობა და ერთობლივად მივითებთ გადაწყვეტილებას რვამეტრიანი ავტობუსების ფერთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ მიმართვაში.

ავტობუსები აღჭურვილი იქნებიან კონდიციონერებითა და ვენტილაციის სისტემებით, ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, ვიდეომონიტორინგის სისტემით, USB დამტენებით, უსადენო ინტერნეტით. ავტობუსები იმოძრავებენ დიზელის საწვავზე „ევრო-6“, ისევე, როგორც ევროპის მრავალ ქალაქში.

თბილისის მერია ავტოპარკს ეტაპობრივად ანახლებს. 2019 წელს კიდევ დაგეგმილია 240 ერთეული ავტობუსის შესყიდვა. აქედან 90 იქნება ელექტროავტობუსი, ხოლო 150 გაზზე იმუშავებს. 2020 წლიდან თბილისში დამატებით შემოვა 18-მეტრიანი ახალი სტანდარტების 200 ერთეული ავტობუსი.

დღესდღეობით თბილისში 600-650 ავტობუსი მოძრაობს. აქედან ახალი, MAN-ის მარკის ავტობუსია 143. ისინი ეკოლოგიურად უფრო სუფთაა და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

თბილისის ავტობუსები დღეში საშუალოდ 109,5 ათას კილომეტრს გადიან და ჩერდებიან 1,8 ათასზე მეტ გაჩერებაზე.

167
თემები:
თბილისი დღეს (1069)