„სირცხვილია!" – კალაძე თბილისის მეტროში არსებულ ვითარებაზე

© Sputnik / Alexander Imedashviliმეტროს სადგური „რუსთაველი"
მეტროს სადგური „რუსთაველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერმა ისაუბრა მეტროში არსებულ ვითარებაზე და პრობლემების გადაწყვეტის შესახებ ქალაქის მთავრობის გეგმებზე.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ საქალაქო სამსახურებს დედაქალაქის მეტროში არსებული პრობლემების სწრაფად გადაწყვეტისკენ მოუწოდა.

თბილისის მეტროში 2017 წელს დაფიქსირდა 326 დაზიანება, 2018 წელს – 305, ხოლო 2019 წლის დასაწყისიდან – 100. აქედან 30% შემთხვევებში აუცილებელი გახდა მგზავრების ევაკუაცია.

„ამას საზოგადოება უყურებს! ერთი წელი გავიდა და ვარკეთილის ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია, რაც სირცხვილია! ვიმოქმედოთ სწრაფად და ხარისხზე ორიენტირებული ვიყოთ", – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

სადგურ „ვარკეთილში" ჭერი გასული წლის იანვარში ჩამოინგრა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. ამ შემთხვევის შემდეგ თბილისის მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხზე კონტროლის გამკაცრება გადაწყვიტა.

მაგრამ ეს მეტროს ერთადერთი პრობლემა არაა.

მეტროს სადგური „დელისი - Sputnik საქართველო
თბილისის მეტროში ევაკუაცია იყო გამოცხადებული

„ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვრცელდება ფოტოები და ინფორმაციები მეტროში არსებულ სიტუაციასთან და ვაგონების მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა, რომელიც დღეს და გუშინ არ დაწყებულა... ჩვენი მიზანია, რომ, განსაკუთრებით პიკის საათებში, მოცდის დრო სამ წუთზე ნაკლები გავხადოთ, ხოლო მეტროს სადგურები და ვაგონები რეაბილიტირებული და განახლებული იყოს", – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მეტროს ოთხი შემადგენლობის დამატების მიზნით უკვე გამოცხადდა ტენდერი 20 მილიონ ლარზე.

„აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ მგზავრების რაოდენობა გაზრდილია. მაგალითად, 2016 წელს დღეში მგზავრის საშუალო რაოდენობა იყო 273 000, ხოლო 2019 წელს ეს მაჩვენებელი 100 ათასით გაიზარდა. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველანაირად მოწესრიგებული იყოს, როგორც ავტობუსები, ასევე მეტროს ვაგონები და სადგურები", – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მეტროში - Sputnik საქართველო
სახიფათოა თუ არა მეტროში გადაადგილება: სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

მეტროს რემონტის, მათ შორის, სიგნალიზაციისა და ვენტილაციის განახლებაზე 2018-2019 წლებში 100 მილიონი ლარი გამოიყო. აქედან 70 მილიონი ლარი გამოიყო დედაქალაქის ბიუჯეტიდან, ხოლო 15 მილიონი დოლარი – აზიის განვითარების ბანკისგან.

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ – ახმეტელი-ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზის სიგრძე 40 კილომეტრია, ხოლო მეორე ხაზის – 17.

ამას გარდა, საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია იწყებენ მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელებას. მეტროპოლიტენის ახალ ხაზზე – სადგურ „სამგორიდან" ლილოს ბაზრობამდე – შვიდი ახალი სადგური განთავსდება.

ყველა ახალი ამბავი
0