ტაქსების რეფორმა თბილისში: როგორ გავიგოთ ტაქსი თავისუფალია თუ არა

გამოწერა
მერია მუშაობს იმაზე, რომ ტაქსით მგზავრობა უფრო კომფორტული გახდეს.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ტაქსების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი – „მანათობელი ტრაფარეტი" ფერს იმის მიხედვით შეიცვლის, მასში მგზავრი ზის თუ არა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისში ყველა ტაქსი თეთრი ფერის არ იქნება>>>

2018 წელს კალაძის ინიციატივით თბილისში ტაქსების რეფორმა დაიწყო, რომლის მთავარი მიზანია ტაქსით მგზავრობა უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდეს.

დღევანდელ სხდომაზე მერმა ტაქსის თეთრი ფერის მანათობელი ტრაფარეტი წარმოადგინა, რომელიც წითლად აინთება იმ შემთხვევაში, თუ იგი დაკავებულია.

„ისინი A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს უფასოდ გადაეცემათ. ჩვენ ტენდერი გამოვაცხადეთ და გამარჯვებული კომპანიაც გვყავს, რომელმაც უნდა დაამზადოს ეს მანათობლები", – განაცხადა კალაძემ.

ტაქსი თბილისში - Sputnik საქართველო
უფასო შეღებვა, ქიმწმენდა, პარკირება, მანათობელი - შეღავათები ლიცენზირებული ტაქსისტებისთვის

რეფორმის თანახმად, 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსის სერვისის განსახორციელებლად ნებართვის აღება და რეგისტრაციის გავლა სავალდებულო გახდა.

2019 წლის 1 ოქტომბრიდან თბილისში ტაქსის მძღოლების ლიცენზიის ორი კატეგორია – A და B იმოქმედებს. A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე.

А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას. დღეს თბილისში 300 ასეთი პარკირების ადგილია და ჯერჯერობით ამ ადგილებით ყველა ტაქსი სარგებლობს.

თბილისში მძღოლებისთვის ავტომობილების თეთრად გადაღებვისა და სალონის ქიმიური წმენდისთვის ვაუჩერების დარიგება 1 მარტიდან დაიწყო. ვაუჩერებს ის მძღოლები იღებენ, რომელთა ავტომობილებმაც სავალდებულო ტექდათვალიერება წარმატებით გაიარეს.

რატომ თეთრი? შალვა ოგბაიძე ტაქსის ფერის არჩევანს განმარტავს>>>

ავტომობილების გადაღებვასა და ქიმიურ წმენდას თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. კომპანიის ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ მას უფლება აქვს იმ ტაქსებზე, რომლებმაც მისი მომსახურებით ისარგებლეს, საკუთარი რეკლამა განათავსოს.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ ექნებათ. ასეთი ტაქსის მძღოლები იძულებული გახდებიან ტაქსის კომპანიებთან ითანამშრომლონ.

1 წლის განმავლობაში მგზავრების გადაყვანის ნებართვის ღირებულება 100 ლარია, ჰიბრიდული ავტომანქანებისთვის – 50 ლარი, ელექტრომობილების შემთხვევაში კი ნებართვა უფასოდ გაიცემა.

ამასთან, აღნიშნულმა რეფორმამ ტაქსის მძღოლების ნაწილს შორის უკმაყოფილება გამოიწვია. რეფორმით უკმაყოფილო მძღოლებმა 20 მარტს თბილისის მერიასთან აქცია გამართეს და ავტომობილების თეთრად გადაღებვის აუცილებლობა გააპროტესტეს. ტაქსის მძღოლებმა ასევე განაცხადეს, რომ ვაუჩერი მანქანის გადაღებვის ყველა ხარჯს არ ფარავს.

ტაქსის მძღოლების მორიგი აქცია დღეს იმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0