ტაქსი

თბილისის მერიამ ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური ვებ-გვერდი შექმნა

513
(განახლებულია 16:09 28.02.2019)
1 ოქტომბრიდან თბილისში მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებს. ლიცენზირებული ტაქსის მძღოლები ტაქსების უფასოდ გადასაღებად სპეციალურ ვაუჩერებს მიიღებენ.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. თბილისში ტაქსების სტანდარტიზაციის პროცესი 1 მარტიდან დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერის მიერ ინიცირებული ტაქსების რეფორმის თანახმად, 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან თბილისში მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებს. ამასთან, მერიის ინიციატივით, მძღოლები, რომლებსაც ლიცენზია 2018 წლის 10 ოქტომბრამდე აქვთ აღებული, ტაქსების უფასო გადაღებვისა და სალონის ქიმწმენდის ვაუჩერებს მიიღებენ. არსებობს სავალდებულო პირობაც – ავტომობილი ხუთკარიანი და მარცხენასაჭიანი უნდა იყოს.

„ტაქსების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, რომელსაც მეორე ეტაპს დავარქმევდი. ეს არის ავტომანქანების ვიზუალური სტანდარტიზაცია. 1 მარტიდან მოხდება ორი სახის ვაუჩერის გაცემა, რაზეც ჩვენ აქამდე არაერთხელ გვისაუბრია. ერთია მანქანის გადაღებვის ვაუჩერი, რათა ავტომანქანა გარეგან სტანდარტთან შესაბამისობაში მოვიდეს და მეორე – ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი", – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის სიტყვებით, ტაქსის მფლობელები ვაუჩერების მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურებზე თბილისის მერიის შესაბამისი შეტყობინების სისტემის მეშვეობით არიან ინფორმირებული.

„ნებართვის მფლობელ ტაქსისტებს, რომლებსაც ლიცენზია გააჩნიათ და ეკუთვნით ამ ვაუჩერების მიღება, უკვე მიუვიდათ sms-შეტყობინებები. მათთვის ცნობილია ყველა პროცედურა, რომელიც საჭიროა ვაუჩერების მისაღებად და ასევე, როგორ ისარგებლონ შემდეგში ამ ვაუჩერებით", – აღნიშნეს თბილისის მერიაში.

უწყების ცნობით, სათანადო ინფორმაცია განთავსებულია მერიის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზეც taxi.tbilisi.gov.ge, სადაც მითითებულია მისამართები, თუ სად შეუძლიათ ტაქსის მძღოლებს ვაუჩერების მიღება.

მძღოლებს ვაუჩერებს თბილისის მერიის კონკურსში გამარჯვებული კომპანია Alma მიაწვდის, რომელიც ლიცენზირებულ ტაქსებს უფასოდ გადაღებავს ავტომობილებზე ორი წლის განმავლობაში რეკლამის განთავსების სანაცვლოდ.

6 თებერვლის მონაცემებით, დედაქალაქში ტაქსით მომსახურების 26,3 ათასზე მეტი ნებართვა გაიცა. 1 წლის განმავლობაში მგზავრების გადაყვანის ნებართვის ღირებულება 100 ლარია, ჰიბრიდული ავტომანქანებისთვის – 50 ლარი, ელექტრომობილების შემთხვევაში კი უფასოდ გაიცემა.

513
თემები:
თბილისის მერია (239)
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 15 აგვისტოს

52
(განახლებულია 08:47 15.08.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 15 აგვისტოს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩხიკვაძის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

23:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდიაშვილის მოედნის, აბესაძის, ლერმონტოვის, ბეთლემის, ასათიანის, ახოსპირელის, ჯიბლაძის, ჩიხლაძის და ალავერდოვის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

52
თემები:
თბილისი დღეს
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 16 აგვისტოს

76
(განახლებულია 14:55 14.08.2020)
კვირას ქვეყნის დედაქალაქში შედარებით აგრილდება, დაიკლებს ტემპერატურა. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით კვირას, 16 აგვისტოს თბილისში უპირატესად მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ტემპერატურა ღამით იქნება +18, ხოლო დღისით +26 გრადუსი.

ქარი 8–13 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:10 საათზე ამოვა და 19:58 საათზე ჩავა.

76
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
მომხმარებელი კომპიუტერთან

ჯანდაცვის სამინისტრო დახმარების მისაღებად რეგისტრაციისას შეფერხების გამო ბოდიშს იხდის

0
რეგისტრაციის ვებგვერდი დილიდან შეფერხებით მუშაობდა, შუადღისთვის კი საერთოდ გაითიშა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ფულადი დახმარების სწრაფად მიღების მსურველი ძალიან ბევრია

თბილისი, 15 აგვისტო  — Sputnik. საქართველოში 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მიღების მსურველებმა სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია ვერ მოახერხეს - მშობელთა გაზრდილი ნაკადის გამო პლატფორმის მუშაობა შეფერხდა, იუწყებიან ჯანდაცვის სამინისტროში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 6 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოსახლეობის დახმარების ახალი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც 18 წელს ქვემოთ ასაკის ყველა მოზარდი სახელმწიფოსგან 200 ლარის ფარგლებში ერთჯერად დახმარებას მიიღებს. გახარიას თქმით, დღეისათვის საქართველოში 18 წლამდე ასაკის დაახლოებით 880 ათასი მოზარდია. შაბათს ვებგვერდზე daxmareba.moh.gov.ge დაიწყო რეგისტრაცია დახმარების მისაღებად. თუმცა რეგისტრაციის გავლის მსურველები პრობლემას გადააწყდნენ - ვებგვერდი არ მუშაობდა.

„ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის ერთდროულად დარეგისტრირებითაა განპირობებული“, - განმარტეს ჯანდაცვის სამინისტროში და ბოდიში მოიხადეს.

ამავე დროს უწყებამ დაამშვიდა მშობლები და განმარტა, რომ რეგისტრაცია 1 დეკემბრამდე გაგრძელდება და დახმარების მიღებას ყველა მსურველი მოასწრებს.

მშობელმა ელექტრონულ პორტალზე შემდეგი სახის ინფორმაცია უნდა განათავსოს:

  • ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი)
  • საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნება.

ამ ეტაპების გავლის შემდეგ სისტემა დაარეგისტრირებს განაცხადს. ერთ ბავშვზე დახმარების ოდენობა 200 ლარს შეადგენს.

0
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში