პარკინგი

თბილისში პარკირების ახალი წესი ამოქმედდება

284
(განახლებულია 17:13 20.02.2019)
ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი თბილისის საკრებულოს განსახილველად და დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში გადაეგზავნება. თუ რა იქნება ერთი საათის ღირებულება, ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი, პირველ ეტაპზე საპილოტე მოდელის სახით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

თბილისში ყვითელ ავტობუსებს მწვანე ავტობუსები ჩაანაცვლებს>>>

ზონალურ-საათობრივი პარკირება – ეს არის მოდელი, რომელიც ევროპის ყველა განვითარებულ, განსაკუთრებით, გადატვირთულ ქალაქებში დიდი ხნის წინ დაინერგა. მერის განმარტებით, აღნიშნული სისტემა სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიმართულებით ერთ-ერთ ქმედით საშუალებად მიიჩნევა. პირველი ქუჩა, სადაც ამოქმედდება ახალი წესი, კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩა იქნება.

საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული გადახდის აპარატების მეშვეობით. შემოსული თანხა კი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აკუმულირდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება, აღნიშნა მერმა.

დედაქალაქის მერის განმარტებით, პარკირების საფასური საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას არ შეეხება. რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის სხვადასხვა ადგილებში უკვე გამოყოფილია უფასო ექსკლუზიური სადგომები ქალაქის მასშტაბით. გარდა ამისა, ყველა ავტომობილი უზრუნველყოფილი იქნება დღეში ოთხი უფასო 15-წუთიანი პარკირებით.

ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი თბილისის საკრებულოს განსახილველად და დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში გადაეგზავნება. თუ რა იქნება ერთი საათის ღირებულება, ჯერჯერობით უცნობია.

„ყველამ ვიცით, რომ თბილისს მრავალი გამოწვევა აქვს და თითოეული მათგანის დაძლევა ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის მნიშვნელოვანია… არის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით პრიორიტეტულია. ერთ-ერთ მათგანს ტრანსპორტით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება და საცობების მზარდი ტენდენცია წარმოადგენს", – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ქალაქში სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარს აღწევს, რადგან თბილისში ნახევარ მილიონზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება. კახა კალაძის განცხადებით, მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა ქალაქში ნაკლებ მანქანას და მეტ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ისახავს მიზნად, რომელიც ყველაზე კომფორტული და სწრაფი იქნება.

მერმა განაცხადა, რომ ავტობუსების ავტოპარკის განახლება თბილისის მერიის მუშაობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. 2019 წელს მერია 8- და 10-მეტრიანი 240 ერთეული ავტობუსის შეძენაზე ტენდერს ამზადებს, 2020 წლიდან კი თბილისში დამატებით სრულიად ახალი სტანდარტის 18-მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსის შემოყვანა იგეგმება.

ავტოპარკის შეცვლის ფარგლებში სულ 750 ერთეული ავტობუსების შესყიდვაა დაგეგმილი. შედეგად, მთლიანად განახლდება თბილისის ავტოპარკი.

დღეისთვის თბილისში 600–650 ავტობუსი მოძრაობს. მათგან 143 MAN-ის ფირმის ახალი ავტობუსია, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთაა და შშმ პირებზეა ადაპტირებული.

ამ დროისთვის თბილისში პარკირებისთვის მძღოლები ყიდულობენ ოთხ დღეზე (4 ლარი), ექვს თვეზე (25 ლარი) და ერთ წელზე (50 ლარი) გათვლილ აბონემენტს. პარკირების გადახდას თბილისის მერიის თანამშრომლები აკონტროლებენ.

 

284
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (321)
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 15 აგვისტოს

50
(განახლებულია 08:47 15.08.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 15 აგვისტოს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩხიკვაძის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

23:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდიაშვილის მოედნის, აბესაძის, ლერმონტოვის, ბეთლემის, ასათიანის, ახოსპირელის, ჯიბლაძის, ჩიხლაძის და ალავერდოვის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

50
თემები:
თბილისი დღეს
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 16 აგვისტოს

70
(განახლებულია 14:55 14.08.2020)
კვირას ქვეყნის დედაქალაქში შედარებით აგრილდება, დაიკლებს ტემპერატურა. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით კვირას, 16 აგვისტოს თბილისში უპირატესად მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ტემპერატურა ღამით იქნება +18, ხოლო დღისით +26 გრადუსი.

ქარი 8–13 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:10 საათზე ამოვა და 19:58 საათზე ჩავა.

70
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
მაგიდა კაფეში

იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს: რა ხდება ქობულეთში

0
(განახლებულია 17:18 15.08.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 15-ით გაიზარდა და 1321-ს მიაღწია

თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. ყველა იმ მოქალაქემ, რომლებიც ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ 9, 10 და 11 აგვისტოს იმყოფებოდნენ,  სიმპტომების გამოჩენისთანავე ცხელების ცენტრებს უნდა მიმართოს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 15-ით გაიზარდა და 1321-ს მიაღწია. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ინფიცირებულია ქალი, რომელიც ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ მუშაობს.

„ეს ქალბატონი თბილისიდან ქობულეთში სამუშაოდ არის ჩასული. ის ქობულეთში კაფე „ჰავანაში“ მუშაობდა. აქ მომუშავე პერსონალი, ყველა, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, ყველა მოკვლეულია და იზოლაციაშია გადაყვანილი. მათ გამოიკვლევენ, მაგრამ მინდა, მაქსიმალურად გავაფრთხილო ისინი, ვინც 9, 10 და 11 აგვისტოს ამ კაფეში იმყოფებოდა, რომ ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც გამოუვლინდებათ სიმპტომები, აუცილებლად მიმართონ ცხელების ცენტრებს“, – განაცხადა  იმნაძემ.

რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, იმნაძის თქმით, ცხრა ინფიცირებული იმყოფებოდა მესტიაში, ერთი - ყაზბეგში ინფიცირებულის ოჯახის წევრია, სამი - ადრე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო ერთი - სომხეთიდან ჩამოსული მძღოლია.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1088 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 261 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში