საახალწლო ნაძვის ხე პარლამენტის შენობის წინ

ექნება თუ არა საახალწლო ნაძვის ხე თბილისს

188
(განახლებულია 13:08 05.12.2018)
ახალი წლის სიმბოლო საპროტესტო აქციის „მამები სამართლიანობისთვის" გამო, შესაძლოა, თბილისის ცენტრიდან სხვაგან გადავიდეს.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერია უახლოეს დღეებში განაცხადებს, თუ სად დაიდგმება მთავარი ნაძვის ხე დედაქალაქში, განაცხადა ქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, სადაც ტრადიციულად საახალწლო ნაძვის ხე იდგმება ხოლმე, მიმდინარეობს საპროტესტო აქცია "მამები სამართლიანობისთვის". უკვე რამდენიმე თვეა ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი საკუთარი შვილების მკვლელების დასჯას მოითხოვენ.

თბილისის მერიამ აციის მონაწილეებს 9 ნოემბერს თხოვნით მიმართა, რომ აქცია, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვა ადგილზე გადაეტანათ. ამან თბილისელების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ინტერნეტში გამოჩნდა პეტიცია "უარს ვამბობ საახალწლო ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს", რომელსაც ხელი 10 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

„უახლოეს პერიოდში განვაცხადებთ, სად იქნება ნაძვის ხე. ვიცით, რომ ბევრი, განსაკუთრებით ბავშვები, ელოდება ამ ნაძვის ხეს და ბევრს აინტერესებს გაიგოს, სად გაიმართება სადღესასწაულო ღონისძიებები. ჩვენ განვაცხადებთ ადგილისა და სადღესასწაულო ღონისძიებების შესახებ“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან დედაქალაქის მერია თბილისის საახალწლოდ მორთვას აქტიურად განაგრძობს. დეკორაციები უკვე დამონტაჟდა ბევრ ცენტრალურ ქუჩაზე. სამუშაოები 14-15 დეკემბერს დასრულდება.

საახალწლო ილუმინაციების შესაძენად წელს მერიამ 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

 

188