თბილისობა

დედაქალაქს 15 საპატიო თბილისელი შეემატა

185
(განახლებულია 09:55 08.10.2018)
საპატიო თბილისელის წოდების მინიჭება „თბილისობის" დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. „თბილისობა 2018“ თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებით დასრულდა, ნათქვამია თბილისის მერის კახა კალაძის ფეისბუქ–გვერდზე.

დღესასწაულის ფინალური გალა–კონცერტი, რომელიც რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნა, და საპატიო თბილისელების დაჯილდოება პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა.

საპატიო თბილისელის წოდებას ანიჭებენ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით სამშობლოსა და ერის წინაშე.

საპატიო თბილისელის წოდება წელს მიიღეს: ფილოლოგმა და რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ, კოსმოსური ობიექტების კონსტრუქტორმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა, ჯაზ–შემსრულებელმა გიული ჩოხელმა, მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა თენგიზ უთმელიძემ, ავტოინჟინერმა გაიოზ კანდელაკმა, არქიტექტურის მკვლევარმა მაია მანიამ, ონკოლოგმა კონსტანტინე მარდალეიშვილმა, გეოლოგმა ნოდარ ცერცვაძემ, ექიმმა ვლადიმერ კახაძემ, პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შაბთაი ცურიმ, მომღერალმა ქეთი მელუამ, მოცეკვავე და ბალეტმაისტერმა მიხაილ ბარიშნიკოვმა, დირიჟორმა ვახტანგ კახიძემ, კომპოზიტორმა და პიანისტმა ნიკოლოზ რაჭველმა.

„39-ე წელია, რაც ჩვენი დედაქალაქი თბილისობას აღნიშნავს. მე, როგორც ქალაქის მერი, ვისურვებდი ის განსაკუთრებული სითბო, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, რაც აქ ტრიალებს, მთელი წლის განმავლობაში იგრძნობოდეს ჩვენ ქალაქში. თბილისი მდიდარია თავისი ისტორიით, მრავალფეროვანი კულტურით, რითიც სამართლიანად ვამაყობთ. ასევე მდიდარია წარმატებული ადამიანებით, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვთ ჩვენი ქალაქის, ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მის განვითარებასა და წინსვლაში“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რევაზ ლაღიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტზე „ჩემო თბილის ქალაქო“ გამოვიდნენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით და ქართველი მომღერლები, რომლებმაც დიდი ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებები შეასრულეს.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა–კონცერტი დასრულდა რევაზ ლაღიძის ცნობილი სიმღერით „თბილისო“ და საზეიმო ფეიერვერკით. მანამდე, დღისით რევაზ ლაღიძის ბიუსტის გახსნის დროს „თბილისო“ ანსამბლ „ქართულ ხმებთან“ ერთად ქალაქის მერმა კახა კალაძემაც შეასრულა.

 

185
თემები:
„თბილისობა 2018“ (12)