ტაქსის მძღოლები „მერსედესებზე“

ნოემბრიდან ტაქსის მძღოლებს თბილისში ნებართვა დასჭირდებათ

229
(განახლებულია 16:41 14.07.2018)
შემოდგომიდან თბილისში ყველა ტაქსის სახურავზე ყვითელი ფერის ნიშანი უნდა ჰქონდეს, ხოლო ტაქსის მძღოლებს - მგზავრების გადაყვანის ნებართვა

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. 1 ნოემბრიდან თბილისში ტაქსის მძღოლებს დაავალდებულებენ იქონიონ მუშაობის ნებართვა, რომელიც 50-დან 100 ლარამდე იღირება, განაცხადა თბილისის მერის მოადგილე მაია ბიტაძემ.

კალაძე: ქვეყანაში მაღალი ხარისხის დიზელის საწვავი უნდა შემოვიდეს >>

იმის შესახებ, რომ ტაქსის რეგისტრაცია და ნებართვის მიღება თბილისში აუცილებელი გახდება, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ იანვარში განაცხადა.

„დაახლოებით 50-დან 100 ლარამდე ეღირება ჰიბრიდულ და ჩვეულებრივ ავტომობილებზე ერთჯერადი ტაქსის ნებართვა, რომელიც მძღოლმა ყოველთვის თან უნდა იქონიოს. ასევე მძღოლის ვალდებულება იქნება, რომ ყვითელი მანიშნებელი ნიშანი განათავსოს მანქანის სახურავზე“, — განაცხადა ბიტაძემ.

საქართველოში იმპორტირებული ელექტრომობილები განბაჟებას არ ექვემდებარებიან, ხოლო ჰიბრიდულ მანქანებზე აქციზი დანარჩენ მანქანებთან შედარებით 60%-ით შემცირდა. ყველაზე დიდ ხარჯებთან დაკავშირებულია იმ მანქანების იმპორტი, რომელთა გამოშვებიდან 14 წელზე მეტია გასული.

ეს სიახლე 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდა, როდესაც საქართველოში ავტომობილების იმპორტზე აქციზი გაიზარდა. საშუალოდ აქციზი ძრავის მოცულობის ერთ კუბურ სანტიმეტრზე 0,2 ლარიდან 1,5 ლარამდე გაიზარდა.

ყველა ეს სიახლე საქართველოში ეკოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებას უკავშირდება.

რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებები უკვე შეტანილია. თბილისში მგზავრების უნებართვოდ გადაყვანის ან ნებართვის წესების დარღვევის შემთხვევაში ტაქსის მძღოლები 200 ლარით დაჯარიმდებიან.

თუ ტაქსის მძღოლი ჯარიმას 30 დღის განმავლობაში არ გადაიხდის, მას ვადაგადაცილების გამო ჯარიმის გაორმაგებული რაოდენობის საურავის გადახდა მოუწევს.

კალაძე ძველი ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის ინიციატივით გამოდის >>

დღეისათვის თბილისში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ტაქსების მუშაობა სახელმწიფოს მხრიდან არ რეგულირდება. არ არსებობს სპეციალური ლიცენზია და გადასახადები. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გახდეს ტაქსის მძღოლი. ამისთვის აუცილებელია საკუთარი ავტომობილი და ტაქსის სპეციალური ნიშანი.

საქართველოში არსებობს ტაქსის კერძო კომპანიები, თუმცა, ბაზარზე მათი წილი იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც კერძო გადაყვანით ინდივიდუალურად არიან დაკავებული, შედარებით მცირეა.

დედაქალაქში ტაქსების ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში 40 ათასი ტაქსი მოძრაობს.

 

 

229
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (170)