რუსთაველის გამზირი დამოუკიდებლობის დღეს

წარსული აწმყოში: როგორი იქნება თბილისი 26 მაისს

88
(განახლებულია 15:09 15.05.2018)
თბილისური ბაზრობა გასული საუკუნის 20-იან წლებში, აგროპროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, „ლაღიძის" ღია კაფე, ფოტოგამოფენა საქართველოს სოფლის მეურნეობის 100 წლისთავის თემაზე - ამ ყოველივეს საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო ჩაატარებს.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ორგანიზატორები რუსთაველის გამზირზე მოაწყობენ ბაზრობებს, გამოფენა-გაყიდვას, კოსტიუმირებულ შოუს, კონცერტებს, თემატურ გამოფენებს, დეგუსტაციას.

საქართველო 2018 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. 26 მაისი ისტორიული თარიღია. დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ ორნახევარი წელი იარსება.

100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქვეყანაში დაახლოებით 300 ღონისძიების ჩატარება იგეგმება.

თბილისში ღონისძიებების ძირითადი ნაწილი, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორია ღვინის ეროვნული სააგენტო, 12:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება. მათ შორისაა XX საუკუნის 20-იანი წლების თბილისური ბაზარი; აგროპროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია-გაყიდვა; თემატური დეკორაციები და მსახიობები; 20-იანი წლების ღია სტილის კაფე „ლაღიძე"; დეკორირებული სცენა – ფოლკლორული და ქალაქური ტიპის შემსრულებლების პროგრამით; სოფლის მეურნეობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საგამოფენო სტენდები და ფოტომასალა; ქართული ენდემური ჯიშის ხორბლის ზონა – ინფორმაციული სტენდები და ენდემური ჯიშის პურების გამოცხობა.

ასევე, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა მეფუტკრეობის დეკორატიული ზონა – სკები, კოსტიუმირებული მსახიობები, თაფლის ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

88
თემები:
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე (33)