ჯარიმები არ გაუქმებულა – რა შეიცვლება თბილისში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევით პარკინგი მარჯანიშვილის მოედანზე
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით პარკინგი მარჯანიშვილის მოედანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ვიცე-მერმა ქალაქის ხელისუფლების მიერ „სითი პარკთან“ მრავალწლიანი კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან" კონტრაქტს წყვეტს, მის მიერ გამოწერილი ჯარიმების გადახდა მძღოლებს მაინც მოუწევთ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეზე დაყრდნობით.

„სითი პარკთან" კონტრაქტი 10 აპრილიდან გაუქმდება, რის შემდეგაც მის ფუნქციებს, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეითავსებს და განახორციელებს, განაცხადა მანამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ. „სითი პარკით" უკმაყოფილებას გამოხატავდა მისი წინამორბედი დავით ნარმანიაც, რომელიც 2007 წელს გაფორმებულ კონტრაქტს კაბალურს უწოდებდა.

„მოქალაქეებს დაკისრებული ჯარიმების გადახდა მოუწევთ, ამასთან ხელშეკრულების შეწყვეტას კავშირი არ აქვს. ვისზეც გამოწერილია სამართალდარღვევა, მათ მოუწევთ ამ ჯარიმის გადახდა, თუ ეს ჯარიმა უკანონოდ არ არის გამოწერილი, რასაც ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჰქონდა ადგილი კომპანიის მხრიდან. ესეც იყო იმის მიზეზი, რომ დღეს ამ შედეგამდე მივედით. ეს არის რადიკალური ზომა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტმა მიიღო“, — განაცხადა ხმალაძემ.

სითი პარკი - Sputnik საქართველო
თბილისის მერია „სითი პარკთან" ხელშეკრულებას წყვეტს

მისი თქმით, მერია მსგავს გადაწყვეტილებებს მხოლოდ მაშინ მიიღებს, როდესაც მოქალაქეების უფლებების დარღვევას სისტემური ხასიათი აქვს.

„არ ვაპატიებთ არც ერთ კომპანიას, რომ შელახოს საზოგადოებრივი ინტერესი“, — ხაზგასმით აღნიშნა ხმალაძემ.

ჯერ კიდევ მერის არჩევნებამდე კახა კალაძე აცხადებდა, რომ თბილისელები „სითი პარკის“ მუშაობით უკმაყოფილონი არიან. ჯარიმების გასაჩივრებისას შემთხვევების 99%-ში გადაწყვეტილება მოქალაქეების სასარგებლოდ მიიღებოდა. რაც, კალაძის თქმით, მიუთითებს იმაზე, რომ კომპანია უკანონოდ მოქმედებს.

კომპანია „სითი პარკმა" 2007 წელს თბილისის მთავრობის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და ქალაქის პარკირების მართვის ექსკლუზიური უფლება 15 წლის ვადით მოიპოვა.

„სითი პარკს" უფლება აქვს არასწორი პარკირებისთვის ჯარიმები გამოწეროს. კონტრაქტის თანახმად, თითოეული ჯარიმიდან კომპანია 3 ლარს იღებს, თანხის დანარჩენი ნაწილი კი თბილისის მერიასა და კომპანიას შორის ნაწილდება (40% — 60%-ზე).

ოპოზიციამ არაერთხელ მოუწოდა ქალაქის მერიას კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტისა და ჯარიმის სახით „სითი პარკისთვის" 25 მლნ ლარის გადახდისკენ, რადგან, უწყებასა და კომპანიას შორის დადებული კონტრაქტის თანახმად, კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში მერიამ ჯარიმა უნდა გადაიხადოს.

ყველა ახალი ამბავი
0