საცობი კოსტავას ქუჩაზე

როგორ შეიცვალა ტრანსპორტის მოძრაობის სქემები თბილისში

285
(განახლებულია 10:24 14.03.2018)
ცვლილებები საბურთალოს რაიონის რამდენიმე ქუჩას შეეხო.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. თბილისში, საბურთალოს რაიონის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო სქემები შეიცვალა და ამასთან დაკავშირებით თბილისის მერიამ ამ ცვლილებების ამსახველი ვიდეო გაავრცელა.

მერიის ცნობით, იონა ვაკელის ქუჩაზე მოძრაობა ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ყაზბეგის გამზირამდე ცალმხრივი გახდა. ორმხრივი მოძრაობის რეჟიმი შენარჩუნდა მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და დაიხაზა შესაბამისი სატრანსპორტო ზოლი. ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებს ყაზბეგის გამზირიდან გადაადგილება ვაჟა-ფშაველას გამზირზე ან პირდაპირ შეუძლიათ.

ცალმხრივი გახდა ასევე ოთარ ჭილაძის ქუჩა ყაზბეგის გამზირიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით. ყაზბეგის გამზირიდან ჭილაძის ქუჩის მეშვეობით მოძრაობის გაგრძელება შესაძლებელია ვაჟა-ფშაველაზე ან პირდაპირ.

მერიის ინფორმაციით, აპრილიდან ცვლილება შეეხება იოსებიძე-ქუთათელის მონაკვეთსაც. კერძოდ, იოსებიძის ქუჩაზე, ქუთათელიდან კალანდაძის ქუჩამდე შებრუნდება ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება და ტრანსპორტი ქუთათელის ქუჩაზე შარტავასა და ხვიჩიას ქუჩებიდან შევა. კალანდაძის ქუჩის გზაჯვარედინზე ავტომობილები გადაადგილდებიან ან მარცხნივ – პეკინის ქუჩისკენ, ან პირდაპირ – იოსებიძის ქუჩაზე.

285