მშენებლობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები თბილისში 10-ჯერ გაიზრდება

© Sputnik / Levan Avlabreliმშენებლობა თბილისში
მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის შეუსაბამოდ დაბალი სასჯელია.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის წესების დარღვევისთვის სანქციები გამკაცრდება — ზოგიერთ შემთხვევაში ჯარიმის თანხა ათჯერ გაიზრდება.

შესაბამისი ცვლილებები შედის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“. თბილისის მერმა კახა კალაძემ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სამუშაო შეხვედრაზე დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.

როგორც კახა კალაძემ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, მოქმედი კანონი უსაფრთხოების წესების დარღვევაზე შეუსაბამოდ დაბალ სანქციებს აწესებს. ასევე შეუსაბამოდ დაბალი სანქციებია დაწესებული უნებართვო მშენებლობებისა და შესაბამისი სამსახურების მიერ მშენებლობების შეჩერების დაუმორჩილებლობისთვის.

მშენებლობები თბილისში - Sputnik საქართველო
მშენებლობაზე ნებართვის გაცემისას ეკოლოგიის სამსახურთან შეთანხმება სავალდებულო ხდება

დაგეგმილი ცვლილებებით, უსაფრთხოების წესების დარღვევაზე საჯარიმო თანხა 3 000 ლარიდან 30 000 ლარამდე იზრდება.

„დედაქალაქში ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს და ქალაქის მერიისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. არსებული კანონმდებლობით, როდესაც რაიმე დარღვევა იკვეთებოდა, პირველ შემთხვევაში მათ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება ეძლეოდათ, შემდეგ 3000-ლარიანი ჯარიმა იყო, რომელიც ყოველ დარღვევაზე იზრდებოდა. ცვლილებებით, პირველივე დარღვევაზე ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება“, — განაცხადა თბილისის მერმა.

თუ კომპანია მუშაობას განაგრძობს მიუხედავად მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილებისა, რომელიც სამშენებლო სფეროს მაკონტროლებელმა ორგანომ მიიღო, ის 50 000 ლარით დაჯარიმდება, და არა 5 000 ლარით, როგორც ეს აქამდე იყო.

ახალი მშენებლობები საბურთალოს რაიონში - Sputnik საქართველო
სამშენებლო ბუმი თუ სასიკვდილო განაჩენი - სეისმოლოგები განგაშს ტეხენ

იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა და მასზე უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს, ჯარიმის ოდენობა 25 000 ლარით, ხოლო კერძო საკუთრებაზე 20 000 ლარით განისაზღვრება. კანონის აღსრულებას თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური განახორციელებს.

კერძო ტერიტორიაზე III და IV კლასის ობიექტებზე — საცხოვრებელი შენობების 5 სართულამდე სიმაღლის, მცირე ტევადობის საზოგადოებრივი შენობების, საწარმოებში დამხმარე და დროებითი ნაგებობების ახალი უნებართვო მშენებლობა ან/და რეკონსტრუქცია 20 000 ლარით დაჯარიმებას დაექვემდებარება. 

ამას გარდა, გაიზრდება ჯარიმა პროექტის დარღვევით მშენებლობის განხორციელებაზე, კერძოდ, III და IV კლასის ობიექტებზე, შესაბამისად, 15 000 და 20 000 ლარით.

საქართველოში შენობების მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმები ხშირად ირღვევა. ბოლო დროს გახშირდა ხანძრები, უბედური შემთხვევები, ბევრი ახალაშენებული შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. ქართველი სეისმოლოგები საუბრობენ საფრთხის შესახებ, რომელიც თბილისს ემუქრება და აფრთხილებენ, რომ დედაქალაქის ახალაშენებული საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს. საქართველოს მთავრობამ და თბილისის მერიამ არაერთხელ განაცხადეს, რომ მშენებლობის ნორმების გამკაცრებას აპირებენ.

ყველა ახალი ამბავი
0