თბილისში წლის ბოლომდე ახალი ავტობუსები გამოჩნდება

© Sputnik / Alexander Imedashviliახალი ლურჯი ავტობუსი თბილისის ქუჩაზე
ახალი ლურჯი ავტობუსი თბილისის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერია ახალი ავტობუსების მომწოდებლის შერჩევის მიზნით საერთაშორისო კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. თბილისის მერია ახალი თანამედროვე ავტობუსების შესყიდვას 2018 წლის ბოლომდე გეგმავს, განაცხადა მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა „რადიო პალიტრას“ ეთერში.

მანამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ 2018 წლის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სატრანსპორტო სისტემის განვითარება დაასახელა. კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის გაუმჯობესება მოსახლეობის გადაადგილებას უფრო კომფორტულს გახდის.

„ახალი ავტობუსების შესყიდვასა და შემოყვანას უკვე წელს ვგეგმავთ. ამ მიმართულებით მოლაპარაკებებს რამდენიმე საერთაშორისო კომპანიასთან ვაწარმოებთ. უახლოეს დღეებში თბილისის მერიაში შედგება შეხვედრა, რომელზეც მოწვეული იქნება ყველა დაინტერესებული უცხოური კომპანია“, — განაცხადა ბენდელიანმა.

ავტობუსი - Sputnik საქართველო
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებშიც იმოძრავებს

მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი ფირმის ავტობუსები შემოვა. თუმცა მან არ გამორიცხა, რომ ეს ისევ MAN-ის მარკის ავტობუსები იქნება.

„ერთ-ერთი ვარიანტია MAN-ი. მაგრამ სხვა კომპანიამ უკეთესი წინადადება შეიძლება შემოგვთავაზოს. ხარისხზე ორიენტირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩვენთვის მისაღები იქნება“, — ხაზგასმით აღნიშნა ბენდელიანმა.

მისი თქმით, კონცეფციის შენარჩუნების მიზნით, ახალი ავტობუსები ლურჯი ფერის იქნება.

მანამდე თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა, რომ ქალაქის ხელისუფლება 700-მდე ახალი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს. მისი თქმით, ძველებს ახალი ავტობუსები ჩაანაცვლებს და დედაქალაქის ავტოპარკს შეავსებს.

უკრაინული „ბოგდანის“ მარკის ავტობუსები საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახით უკვე 10 წელზე მეტ ხანს გამოიყენება. 

მიმდინარე წლის იანვრიდან თბილისში ახალი ლურჯი ეკოლოგიურად სუფთა, შშმ პირთათვის სრულიად ადაპტირებული, ევროპული სტანდარტების ავტობუსები გამოჩნდა. მერიაში განაცხადეს, რომ 2018 წლის თებერვლამდე 143 ახალი ავტობუსი იქნება.

თბილისში სულ 750 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს. ყველაზე გრძელი მარშრუტი 30,4 კმ, ხოლო ყველაზე მოკლე 4,6 კმ შეადგენს. ერთ დღეში ავტობუსები სულ 109 500 კილომეტრს ფარავს და 1800-ზე მეტ გაჩერებაზე ჩერდება.


ყველა ახალი ამბავი
0