ავტომობილები მტკვრის სანაპიროზე

14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს ყველგან გაჩერება ეკრძალებათ

63
(განახლებულია 18:47 26.01.2018)
გადაწყვეტილება რუსთავიდან თბილისში მოძრავ სარეისო მიკროავტობუსებსაც შეეხება.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. 1 მარტიდან დედაქალაქში მოძრავი მიკროავტობუსები 14 ქუჩაზე მხოლოდ მათთვის სპეციალურად მოწყობილ მოსაცდელებთან გააჩერებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თბილისის საკრებულომ აღნიშნული გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო. მანამდე, 20 დეკემბერს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ სამარშრუტო მიკროავტობუსები 14 ქუჩაზე მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე გაჩერდებიან.

ეს ქუჩებია: მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი.

ის სამარშრუტო ტაქსები კი, რომლებიც დადგენილ მოთხოვნებს არ დაემორჩილებიან და მოსაცდელების გარდა ზემოთ აღნიშნული 14 ქუჩის სხვა მონაკვეთზე გაჩერდებიან, დაჯარიმდებიან.

ქუჩებზე უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ხდება გაჩერებებზე ყვითელი ფერის მონიშვნა, რათა მხოლოდ ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა გააჩერონ.

საკრებულოს სხდომაზე საკითხი განსახილველად თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ წარმოადგინა. მისი თქმით, გადაწყვეტილება რუსთავიდან თბილისში მოძრავ სარეისო მიკროავტობუსებსაც შეეხება. 

მუმლაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე ეს 14 ქუჩა შეირჩა, შემდგომ კი პროცესი კიდევ გაგრძელდება. 

საპილოტე პროექტის ამოქმედებამდე თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები დაახლოებით 260 მოსაცდელის კეთილმოწყობას უზრუნველყოფენ. მათი გაფართოების კუთხით შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გატარდება, რათა ავტობუსებთან ერთად სამარშრუტო ტაქსების გაჩერებამ საგზაო მოძრაობა არ შეაფერხოს.

მიკროავტობუსების მიერ მოძრაობის ახალი წესის ადმინისტრირებაში მერიის სამსახურებთან ერთად საპატრულო პოლიციაც მიიღებს მონაწილეობას.

დღეისათვის თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დაახლოებით 1800 მიკროავტობუსი ემსახურება. დღის განმავლობაში სამარშრუტო ტაქსებით 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

63
თემები:
თბილისი დღეს (799)