კალაძე დანაპირებს ასრულებს – თბილისში სატრანსპორტო რეფორმა იწყება

© Sputnik / Alexander Imedashviliტრანსპორტი თბილისში
ტრანსპორტი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მერის განცხადებით, სავალდებულო გახდება ტაქსის სერვისის განსახორციელებლად ნებართვის აღება და გაიზრდება დედაქალაქში სატრანზიტო მოძრაობის წესის დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქის „საცობებისგან“ განტვირთვისა და საავტომობილო გამონაბოლქვის შემცირების მიზნით თბილისში ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა შემუშავდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ ოთხშაბათს გამართულ თბილისის მერიის სხდომაზე.

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გაუმჯობესება, ქალაქის „საცობებისგან“ განტვირთვა და თბილისის ეკოლოგიაზე ზრუნვა მმართველი პარტიის კანდიდატის კახა კალაძის ერთ-ერთი პრიორიტეტული წინასაარჩევნო დაპირება იყო.

როგორც მერმა აღნიშნა, არსებული პრობლემების გადასაჭრელად რამდენიმეეტაპიანი სამუშაოს განხორციელება იგეგმება.

ახალი ლურჯი ავტობუსი თბილისის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
თბილისის ავტოპარკს ახალი ავტობუსები შეემატება

„ვგეგმავთ როგორც მეტროს რეაბილიტაციას, რათა გადაადგილების დრო შემცირდეს და გაიზარდოს მგზავრთა რაოდენობა, ასევე ვაპირებთ ავტობუსების პარკის განახლებას“, — განაცხადა კალაძემ.

დაგეგმილია ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება ახალი, ევროპული სტანდარტების ავტობუსებით. გარდა ამისა, ქუჩებში მოეწყობა ავტობუსების სპეციალური ზოლები — ე.წ. Bus Lane.

მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება ტაქსების მომსახურების მხრივაც. ეტაპობრივად მოხდება გარკვეული სტანდარტების დამკვიდრება და ხარისხის გაუმჯობესება.

მერის განცხადებით, ტაქსის სერვისის განსახორციელებლად ნებართვის აღება და რეგისტრაციის გავლა სავალდებულო გახდება და განხორციელდება ეტაპობრივად.

„ამჟამად ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე, რათა მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა. ეტაპობრივად განხორციელდება ტაქსის სერვისის განვითარება იმგვარად, რომ ეს მძიმე ტვირთად არ დააწვეს ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს“, – განაცხადა კალაძემ.

ავტობუსი - Sputnik საქართველო
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებშიც იმოძრავებს

სატრანსპორტო „საცობების“ თავიდან აცილების მიზნით დასუფთავების მანქანებისთვის დაწესდება სპეციალური გრაფიკი, ასევე დაწესდება სპეციალური რეჟიმი სადისტრიბუციო და სამშენებლო ტრანსპორტზე და დარეგულირდება მიკროავტობუსების გაჩერების წესები.

გარდა ამისა, თბილისში სატრანზიტო მოძრაობის წესის დარღვევის გამო, შესაძლოა, ჯარიმა 20 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდოს.

„ჯარიმების გაზრდა ჩადებულია საკანონმდებლო პაკეტში, რომელიც პარლამენტს წარედგინება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მანამდე თბილისის მერმა განაცხადა, რომ კვირის გარკვეულ დღეებში დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებშიც იმოძრავებს, რაც ღამის თბილისის განვითარებას ისახავს მიზნად.

თებერვლის ბოლოს თბილისში საპილოტე პროექტი დაიწყება, რომლის ფარგლებშიც ქალაქის 14 ქუჩაზე სამარშრუტო მიკროავტობუსები გაჩერებას მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან შეძლებენ. გარდა ამისა, მერია 259 მოსაცდელზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს, რათა მიკროავტობუსებისა და ავტობუსების გაჩერებამ საგზაო მოძრაობა არ შეაფერხოს.

ყველა ახალი ამბავი
0