მშენებლობა თბილისის მერიასთან

თბილისში მშენებლობებზე უსაფრთხოების კონტროლი გამკაცრდება

190
(განახლებულია 20:01 06.12.2017)
უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის თბილისში 50-ზე მეტ სამშენებლო ობიექტს დააჯარიმებენ.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის ზედამხედველობის სამსახურს სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ზომების გაკონტროლება დაავალა ამ სფეროში არსებულ საგანგაშო სტატისტიკასთან დაკავშირებით.

საწარმოო ტრავმების შედეგად საქართველოში 2016 წელს 58 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა.

„ძალიან სამწუხაროა ის, რაც ხდება მშენებლობებზე, და ხშირია ხოლმე, რომ ვისმენთ ინფორმაციას კონკრეტული ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გვაქვს ასეთი ფაქტები, ყოველგვარი დაზღვევის, ყოველგვარი დაცვის გარეშე ადამიანები მუშაობენ სამშენებლო ობიექტებზე და ეს ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი", — განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ასზე მეტ სამშენებლო ობიექტს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, ხოლო 50-ზე მეტი ობიექტი დააჯარიმა.

დეველოპერები, რომლებიც არ უზრუნველყოფენ უსაფრთხოების წესების დაცვას, სათანადოდ აგებენ პასუხს კანონის წინაშე. ზედამხედველობის სამსახური კი, თავის მხრივ, ასეთი მშენებლობების შეჩერების უფლებას მიიღებს.

„ძალიან მკაცრი უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს. ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არის ის საკითხები, რაზეც თბილისის მერია იქნება პრინციპული, მკაცრი და მომთხოვნი", — აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერმა განაცხადა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემისას არქიტექტურის სამსახურმა მკაცრად უნდა გააკონტროლოს პროექტების შესაბამისობა უსაფრთხოების წესებთან, ასევე ყურადღება უნდა დაუთმოს პროექტის ფასადურ მხარეს, კერძოდ, შენობების გარე კედლებისა და სახურავების ერთიანი სტანდარტების შესატყვისობას.

თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ გააუქმა ე.წ. ზონალური საბჭო, რომელიც პასუხისმგებელი იყო ქალაქში მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. მერმა განაცხადა, რომ ამ საბჭოს ფუნქციები მერიის სამსახურებზე გადანაწილდება და ამას თავად გააკონტროლებს მკაცრად.

წელს დასრულდა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა, რომელშიც 200-მდე სპეციალისტი მონაწილეობდა.

პროექტში, სხვა საკითხებთან ერთად, გათვალისწინებულია სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვის გაცემის რეგულაციების გამკაცრება და მნიშვნელოვანი სამშენებლო ნორმების მიღება.

საქართველოს შსს-სა და გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, საქართველოში 2007-2016 წლებში საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 416 ადამიანი, ხოლო 716-მა მიიღო სხეულის დაზიანებები.

190
თეგი:
თბილისის მერია, კახა კალაძე
თემები:
თბილისი დღეს (1619)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 31 მაისს

90
(განახლებულია 15:23 29.05.2020)
გაზაფხულის ბოლო დღეს საქართველოს დედაქალაქში მზიანი და თბილი ამინდი იქნება, დაფიქსირდება 28 გრადუსი სითბო.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, კვირას, 31 მაისს თბილისში საკმაოდ თბილი და მზიანი ამინდი იქნება.

ტემპერატურა ღამით იქნება +17, ხოლო დღისით +28 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი 17–22 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 05:28 საათზე ამოვა და 20:28 საათზე ჩავა.

90
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
ავტობუსი

საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

87
(განახლებულია 14:57 29.05.2020)
კორონავირუსის პანდემიის საფრთხის გამო მგზავრობისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის, აუცილებელია პირბადის ტარება.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა დღეიდან მუშაობა განაახლა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან იყო შეჩერებული.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გუშინ ავტოპარკს ეწვია და მუნიციპალური ავტობუსების საბოლოო შემოწმებისა და სპეციალური წესით დამუშავების პროცესს გაეცნო.

მერის განცხადებით, სადეზინფექციო სამუშაოები ტრანსპორტში ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას მოქალაქეებმა გარკვეული წესები უნდა დაიცვან. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა პირბადის ტარება.

ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ იმუშავებს კონდიციონერი, რადგან, ეპიდომიოლოგების აზრით, ის ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ საფრთხეს წარმოადგენს. ღია უნდა იყოს ფანჯრები.

თბილისში ტრანსპორტი გაძვირდება? კალაძის პასუხი>>

მუშაობა განაახლა ასევე სამარშრუტო მიკროავტობუსებმა, სადაც ვრცელდება იგივე წესები და, ამასთან, მგზავრების ფეხზე დგომით გადაყვანა იკრძალება.

ავტობუსებსა და გაჩერებებზე წესების დაცვას მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორები და კონდუქტორები გააკონტროლებენ, ხოლო მეტროში – პოლიცია.

რაც შეეხება მეტროს, დილიდან მეტროს სადგურების შესასვლელებთან გაკრულია სტიკერები, სადაც მითითებულია, რომ მოქალაქეები, რომლებსაც მეტროთი მგზავრობის სურვილი აქვთ, პირბადის გარეშე არ დაიშვებიან. მეტროს თანამშრომლები კი მოქალაქეებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ. ასევე პოლიციის მიერ ტერიტორია გაყოფილია ყვითელი ლენტით, რომლითაც გამიჯნულია შესასვლელ-გასასვლელი. ამასთან ერთად, სამუშაოს დაწყებამდე მეტროს თანამშრომლებს თერმოსკრინინგს უტარებენ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა დარჩა, რომლებიც ეტაპობრივად იხსნება.

87
თემები:
COVID-19 საქართველოში
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 1 ივნისს

0
(განახლებულია 07:46 01.06.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0104 ლარით გამყარდა.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,1865 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0104 ლარით გამყარდა.

ლარის კურსი 1 ივნისს
ლარის კურსი 1 ივნისს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს