„წითელი ბარათი" უკანონო მიშენებებს: თბილისის მერია დემონტაჟს იწყებს

გამოწერა
თბილისის მერიამ უკანონო მიშენებების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა დაიწყო.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ჩუღურეთის რაიონში უკანონო მიშენებების დემონტაჟი განხორციელდება. ეს ოთარ კაპანაძის ქუჩაზე მდებარე რვა შენობას ეხება, აღნიშნულია დედაქალაქის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

პირველ ეტაპზე თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა რამდენიმე პირი სიტყვიერად გააფრთხილა. იმ შემთხვევაში, თუ მიშენებების ე.წ. მფლობელები ამ ნაგებობებს თავად არ აიღებენ ხუთი დღის ვადაში, მაშინ ამას ზედამხედველობის სამსახური გააკეთებს.

„მათ კონკრეტული ვადა მიეცათ იმისთვის, რათა დემონტაჟი თავად მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში დამატებით 10 ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ. თუ შენობის მესაკუთრე კონტაქტზე არ გამოდის და იდენტიფიცირებას ვერ ვახდენთ, მაშინ გვაქვს უფლება, დადგენილების შესაბამისად, დემონტაჟი თავად განვახორციელოთ", — განაცხადა ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა.

თბილისის მერიის შენობა - Sputnik საქართველო
კალაძის პირველი დავალებები - თბილისის მერიას რეფორმები ელოდება

ბაგრატიონმა მიმართა დედაქალაქის მოსახლეობას და სთხოვა, არ ააშენონ ნაგებობები სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე.

მან აღნიშნა, რომ ეს პროცესი თბილისის ათივე რაიონში გაგრძელდება.

ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა, რომ ქალაქი მომავალში მხოლოდ გეგმის მიხედვით განვითარდება, ხოლო სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიებზე განთავსებული შენობები დემონტაჟს დაექვემდებარება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში უკანონო მშენებლობები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. თბილისი აუცილებლად უნდა განვითარდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონისა და გეგმის შესაბამისად. იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობა უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ, ჩვენთან ერთად, ერთსულოვანი იქნება", — განაცხადა ჩიკვილაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ გააუქმა ე.წ. ზონალური საბჭო, რომელიც პასუხისმგებელი იყო ქალაქში მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. მერმა განაცხადა, რომ ამ საბჭოს ფუნქციები მერიის სამსახურებზე გადანაწილდება და ამას თავად გააკონტროლებს მკაცრად.

წელს დასრულდა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა, რომელშიც 200-მდე სპეციალისტი მონაწილეობდა.

პროექტში, სხვა საკითხებთან ერთად, გათვალისწინებულია სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვის გაცემის რეგულაციების გამკაცრება და მნიშვნელოვანი სამშენებლო ნორმების მიღება.

ყველა ახალი ამბავი
0