კალაძემ თბილისის მერის მოადგილეები დაასახელა

გამოწერა
თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე თავისი მოადგილეები დაასახელა.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საარჩევნო პროგრამის განხორციელებას კომპეტენტური და ენერგიული ადამიანების გუნდი სჭირდება, განაცხადა თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე თავისი მოადგილეების წარდგენისას.

თბილისის ახალარჩეული მერი 12 ნოემბერს თბილისის მერი ოფიციალურად გახდა. ის დღეს მერიაში მივიდა და თავისი მოვალეობების შესრულებას შეუდგა.

კახა კალაძე ჟურნალისტებთან - Sputnik საქართველო
თბილისის ახალი მერი მუშაობას იწყებს

კალაძის განცხადებით, ხალხმა მხარი დაუჭირა „სიცოცხლით სავსე ქალაქს“ და ეს არ არის მხოლოდ საარჩევნო სლოგანი, არამედ ეს არის მისი და მისი გუნდის მიზანი, ხოლო ამ მიზნის განხორციელებას ძლიერი გუნდი სჭირდება.

„მე წარმოვადგინე საარჩევნო პროგრამა, ქალაქის განვითარების ხედვა… ამ მასშტაბური პროგრამის აღსრულებას კომპეტენტური და ენერგიული ადამიანებით დაკომპლექტებული ძლიერი გუნდი სჭირდება", — განაცხადა კალაძემ ბრიფინგზე.

თბილისის მერმა ვიცე-მერად დაასახელა ირაკლი ხმალაძე, რომელიც, კალაძის განცხადებით, მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში მის გვერდით იდგა. ხმალაძე მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ. მას დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი.

მერის მოადგილედ დასახელდა ასევე მაია ბითაძე, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, არის სამართლის დოქტორი.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო
დიდი ცვლილებები მთავრობაში – რა ბედი ელით შერწყმულ სამინისტროებს

კალაძის განცხადებით, მერის მოადგილის თანამდებობაზე რჩება გიგა ნიკოლეიშვილი, რომელსაც მერიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

მერის კიდევ ერთი მოადგილე იქნება ირაკლი ბენდელიანი, რომელსაც, მერის განცხადებით, დიდი გამოცდილება აქვს ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით, არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული ენერგეტიკის სფეროში.

ასევე, მერის მოადგილე გახდება ილია ელოშვილი, რომელიც ამჟამად ენერგეტიკის მინისტრია, მაგრამ მთავრობის ოპტიმიზაციის ფარგლებში ენერგეტიკის სამინისტრო გაუქმდა და მის ფუნქციებს ეკონომიკის სამინისტრო შეითავსებს. კალაძის განცხადებით, როდესაც დასრულდება სამინისტროების შერწყმა, ილია ელოშვილი მათ გუნდს შეუერთდება.

მომდევნო დღეების განმავლობაში დედაქალაქის მერი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0