თბილისში სექტემბრის ბოლოს მესამე საბაგირო გზა გაიხსნება

გამოწერა
საბაგირო გზა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსსა და ბაგებს აკავშირებდა, 1982-2002 წლებში ფუნქციონირებდა.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საბაგირო გზა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსსა და ბაგებს აკავშირებს, სექტემბრის ბოლომდე გაიხსნება, აცნობა "Sputnik-საქართველოს" კომპანია "საქსპეცტრანსის" დირექტორმა გიორგი მესხმა.

საბაგირო გზის აღდგენის სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო. მას ახორციელებს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია „საქსპეცტრანსი", რომლის დამფუძნებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

„საბაგირო გზა თითქმის დასრულებულია. მას მაქსიმუმ სექტემბრის ბოლომდე გავუშვებთ. მთლიანად განახლდა ვაგონები, აღდგენილია გამწევი ბაგირები. ერთი ვაგონი მაქსიმუმ 20 კაცზეა გათვლილი. თუმცა, ვიცით, რომ საბაგირო მთლიანი დატვირთვით არ იმუშავებს. ჩვენი გათვლებით, დატვირთვა 20 პროცენტი იქნება", — განაცხადა მესხმა.

საბაგირო გზის ვაგონი - Sputnik საქართველო
თბილისი შესაძლოა საბაგირო გზების ქალაქი გახდეს

მისი თქმით, მგზავრობის საფასური 1 ლარი იქნება. მგზავრებს მოემსახურება ორი ვაგონი. მანძილი ერთი სადგურიდან მეორემდე 400 მეტრია, მგზავრობას 3 წუთი და 20 წამი სჭირდება.

„სიხშირე მგზავრთა ნაკადზე იქნება დამოკიდებული. თუ მოთხოვნა იქნება, სიხშირეს გავზრდით. ასე რომ, მგზავრები მუდმივი ლოდინის რეჟიმში არ იქნებიან. ეს სატრანსპორტო საშუალებაა და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მგზავრებს ამასთან დაკავშირებით პრეტენზია არ ჰქონდეთ", — განაცხადა მესხმა.

საბაგირო გზა 1982-2002 წლებში ფუნქციონირებდა.

ამჟამად თბილისში ორი საბაგირო გზა მუშაობს — რიყის პარკიდან ნარიყალამდე და ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბამდე.

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტით, 2030 წლამდე თბილისში საბაგირო გზების რაოდენობა ცხრამდე უნდა გაიზარდოს.

ყველა ახალი ამბავი
0