კახა კალაძე თბილისის დიზაინითა და ესთეტიკით დაკავდება

გამოწერა
თბილისის მერობის კანდიდატი დედაქალაქში დიზაინის საერთო სტანდარტების შემოღებას აპირებს.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, აპირებს დედაქალაქის დიზაინის სტანდარტითა მისი ესთეტიკური მხარით დაკავდეს.

„ნებისმიერ ცივილიზებულ, თანამედროვე ქალაქს გააჩნია დიზაინის სტანდარტი. ეს ნიშნავს ქალაქის საერთო ესთეტიკის, მისი უბნების ქუჩების საერთო სტანდარტიზაციას, ფერთა ესთეტიკურ შეხამებას, აბრების განთავსების მკაფიო წესებს, ქალაქის შრიფტების განსაზღვრის წესებს და ზოგადად ესთეტიკური მხარის მოწესრიგებას, ჰარმონიზაციას მთლიანად ქალაქის ხასიათთან“, — ამბობს კალაძე ვიდეომიმართვაში, რომელიც მის „ფეისბუქ“-გვერდზე გამოქვეყნდა.

მისი თქმით, თბილისი ნამდვილად არის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი და სწორედ თანამედროვე მიდგომებით, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართვითა და მსოფლიო გამოცდილების გაზიარებით იქნება შესაძლებელი თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქად იქცეს.

„რა თქმა უნდა, ქალაქის დიზაინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად უნიკალური ქართული ანბანი უნდა იქცეს. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს აბრები, მანიშნებლები, სტიქიურად ათვისებული ტროტუარები, ვიტრინები, უკონტექსტო დიზაინი — ამ ყველაფრის სასწრაფო მოწესრიგება ხელს შეუწყობს ქალაქის ტურისტული და ბიზნეს-მიმზიდველობის ზრდას“, — განმარტავს ჩანაწერში მერობის კანდიდატი.

თბილისის მერის არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. კალაძის გარდა დედაქალაქის მერობის კანდიდატებად დასახელებული არიან: ზაალ უდუმაშვილი, ელენე ხოშტარია, ალეკო ელისაშვილი და თენგო შერგელაშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0