ახალი სიცოცხლე წყალდიდობის შემდეგ: წყნეთში გზის აღდგენა მიმდინარეობს

გამოწერა
წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა თბილისის წყალდიდობის დღეს დაზიანდა.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია დაიწყო. გზა 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის დროს დაზიანდა.

კოკისპირული წვიმის შედეგად წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც გარკვეული დროის განმავლობაში მდინარე ვერე გადაკეტა. მდინარის წყლის დონემ მოიმატა და ნაპირებიდან გადმოვიდა. შედეგად ადიდებულმა მდინარემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, "მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

ზურაბ მუზაშვილი - ჩვენი დროის გმირი - Sputnik საქართველო
ზურაბ მუზაშვილი - ჩვენი დროის გმირი

"გზის რეაბილიტაციის შემდეგ მოსახლეობა უპრობლემოდ და კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს. წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა ურთულესი მონაკვეთია და წალკის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს უკავშირდება. ამ გზის რეაბილიტაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ადგილობრივებისთვის, ისე დამსვენებლებისთვის", — ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

გზის პროექტირება-რეაბილიტაციის ღირებულება 25 მლნ ლარია, გზის სიგრძე — დაახლოებით 1 კილომეტრი.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის დასრულება 2018 წელს იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0