დავით ნარმანია დუბაის საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიდუბაი
დუბაი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დუბაი მეშვიდედ მასპინძლობს წამყვან გლობალურ პლატფორმას, რომლის მიზანიცაა სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისთვის ხელშეწყობა, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და სხვა.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დუბაის ყოველწლიური, რიგით მეშვიდე საინვესტიციო ფორუმი (AIM) მიმდინარეობს, რომლის მთავარი თემაა „საერთაშორისო ინვესტიციები — გზა კონკურენტუნარიანობისა და განვითარებისკენ“. მასში მონაწილეობის მისაღებად თბილისის მერი დავით ნარმანია გაემგზავრა, იუწყება ქალაქის მერიის პრესსამსახური.

დუბაი მეშვიდედ მასპინძლობს ამ წამყვან გლობალურ პლატფორმას, რომლის მიზანიცაა სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისთვის ხელშეწყობა, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, ინვესტიციების მოზიდვის მდიდარი გამოცდილებისა და არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

„მაღალი რანგის საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, დავით ნარმანია შეხვედრებს გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის (AIM) საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე, კონფერენციის მონაწილე ჰოლდინგების ხელმძღვანელებთან და მათ თბილისის როგორც საინვესტიციო, ასევე, ტურისტულ პოტენციალს გააცნობს“, — ნათქვამია თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

თბილისის მერის თქმით, ფორუმის ფარგლებში ინვესტორებს თბილისი ორ მნიშვნელოვან პროექტს წარუდგენს.

„ჩვენ წარვადგენთ ორ პროექტს, ესენია: თბილისის ზღვის განვითარების პროექტი და ქალაქში მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობის პროექტი, რომლებთან დაკავშირებითაც წინასწარი მოლაპარაკებებიც არსებობს“, — განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერი დარწმუნებულია, რომ „პროექტები მოწონებას დაიმსახურებს და შესაბამისი საინვესტიციო ჯგუფები თბილისშიც ჩამოვლენ“.

კონფერენციას მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან ბიზნეს დელეგაციები, მაღალი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ექსპერტები, პოლიტიკოსები და მეცნიერები ესწრებიან.

ყოველწლიური საინვესტიციო შეხვედრა (AIM) დუბაიში 2-დან 4 აპრილამდე გასტანს. კონფერენციას  Dubai World Trade Centre  მასპინძლობს.

ყველა ახალი ამბავი
0