დაკავება

შსს-მ თბილისის ცენტრში მომხდრი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

41
(განახლებულია 14:48 20.01.2017)
მედიის ინფორმაციით მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას ინარჩუნებს.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე დააკავეს 1981 წელს დაბადებული ბ.ნ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახური იტყობინება. 

ვაკეში, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე, 2 სექტემბერს ქვეითად მოსიარულე მამაკაცმა ცეცხლი გაუსხნა შუქნიშანზე გაჩერებულ ავტომანქანაში მყოფ მგზავრებს. მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, დაიჭრა მის გვერდით მჯდომი ერთი ადამიანი, უკანა სავარძელზე მყოფი მესამე მგზავრი კი უვნებლად გადარჩა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, თბილისში, ვაკის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ს.ჯ.-ს და 1982 წელს დაბადებულ ზ.ჩ-ს. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე — გადაყვანილია საავადმყოფოში", — ნათქვამია შსს-ს შეტყობინებაში. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ქართული მედიის ინფორმაციით, დაღუპული სოსო ჯოხაძეა, რომლის სახელი ბევრ კრიმინალურ საქმესთან არის დაკავშირებული. დაჭრილი  მისი ადვოკატია ზაქარია ჩიბუხაშვილი.  

დაკავებული ბადრი ნათობაძეა, რომელიც ამ დრომდე არ აღიარებს დანაშაულს და დუმილის უფლებას იყენებს. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით).

41