მაკა ჩაჩუა გამოფენაზე მე ვხედავ თითებით

მაკა ჩაჩუა გამოფენას „მე ვხედავ თითებით“ ეწვია

80
(განახლებულია 18:22 25.06.2016)
გამოფენა, რომელიც სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნა, 1 ივლისამდე გასტანს.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, პრეზიდენტის პოლიტიკურ მდივანთან, ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად დღეს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმს ეწვია და გამოფენა „მე ვხედავ თითებით“ გახსნა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

მაკა ჩიჩუას გამოფენის ორგანიზატორმა, ცნობილმა მხატვარმა ქეთევან მატაბელმა უმასპინძლა.

„ქეთი მატაბელმა გაუკეთა ორგანიზება ამ შესანიშნავ პროექტს და შეკრიბა საუკეთესო მხატვრები, რომლებმაც უსინათლო ადამაიანებთან ერთად, შექმნეს მათთვის ადაპტირებული გამოფენა. მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო გამოფენა გამოვიდა, შეუძლებელია გადმოსცე სიტყვებით ეს ემოცია. ეს გამოფენა უნდა დაათვალიეროთ, შეეხოთ, იგრძნოთ და შეიქმნათ შთაბეჭდილება. შემდეგ კი მიხვდებით, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ამ ადამიანებს, რომლებიც თითებით ხედავენ, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტის დანახვა შეუძლიათ, ვიდრე ჩვენ", აღნიშნა პირველმა ქალბატონმა.

ქვეყნის პრეზიდენტის მეუღლე გამოფენის მონაწილე ხელოვანებს ნაშრომების შესახებ გაესაუბრა და პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების უმრავლესობა მხედველობადაქვეითებული და უსინათლო ადამიანებისთვისაა შექმნილი.

პროექტის მიზანი — ეს მხედველობის პრობლემების მქონე ბავშვებისა და მოზარდების კულტურულ-შემოქმედებით პროცესებში ინტეგრაციაა.

გამოფენა,,მე ვხედავ თითებით“ 1 ივლისამდე გაგრძელდება.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი №3.

80