შსს: ძალადობის შემთხვევაში პოლიცია, აშშ-სა და ევროპის მსგავსად, მკაცრ ზომებს გამოიყენებს

© photo: Sputnik / Stringerსპეცრაზმი აქციაზე
სპეცრაზმი აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2024
გამოწერა
როგორც უწყებაში განაცხადეს, ბოლო პერიოდში თბილისში გამართული აქციები არაერთხელ გასცდა კანონიერების ფარგლებს
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილეთა ძალადობრივ ქმედებებს პოლიცია აღკვეთს ევროკავშირსა და აშშ-ში მიღებული მკაცრი ზომების გამოყენებით, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თემურ კუპატაძემ ბრიფინგზე.
თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება. ოპოზიციისა და მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მეგობრებსა და მტრებს ერთ სიბრტყეზე აყენებს და აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას. სკანდალური კანონის არმიღებისკენ ხელისუფლებას დასავლეთმაც მოუწოდა.
„ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული",- განაცხადა კუპატაძემ.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში თბილისში გამართული აქციები არაერთხელ გასცდა კანონიერების ფარგლებს.
„მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში, კერძოდ, თბილისში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციები არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით მიღებულ ზომებს. ვნახეთ შტურმი საკანონმდებლო ორგანოზე, პიკეტირების მცდელობა პარლამენტზე და ასევე, ძალადობის არაერთი შემთხვევა სამართალდამცველების მისამართით", - განაცხადა კუპატაძემ.
მისი თქმით, კადრები, თუ რა ხდებოდა თბილისში საპროტესტო აქციებზე, არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
„ჩემი ევროპელი კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ ეს იყო პროპორციული ძალა და საკმაოდ ლმობიერი ქმედებები, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა გამოიყენეს", - განაცხადა კუპატაძემ.
მან საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იმ საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიებების პრაქტიკის შესახებ, რომელთა გამოყენებითაც როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ისე აშშ-ის პოლიციის მიერ ხდება შეკრება-მანიფესტაციის დროს მასების მართვა და საჭიროების შემთხვევაში კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებების გამოყენება.
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის განმარტებით, პოლიციის მთავარი ამოცანა მართლწესრიგის დაცვაა, როგორც დანარჩენ თანამედროვე მსოფლიოში.
„განვითარებული სამყარო თანხმდება, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში მართლწესრიგის დაცვა არის პოლიციის უმთავრესი ამოცანა და ეს კადრებიც ადასტურებს იმას, რომ ყველა ქვეყანაში პოლიციას აქვს უფლება კანონის შესაბამისად იმოქმედოს და უფლებამოსილების ფარგლებში, საზოგადოებისთვის ხშირად მიუღებელი და უმკაცრესი ზომები გამოიყენოს", - განაცხადა კუპატაძემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიცია საპროტესტო აქციების დროს მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და სპეციალური ინსტრუქციებით.
„პოლიცია შეკრება-მანიფესტაციების დროს ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. შინაგან საქმეთა სამინისტროში შემუშავებული ინსტრუქციები, რომელიც არეგულირებს შეკრება-მანიფესტაციების მართვას, სრულ შესაბამისობაშია ეუთო/ოდირის სახელმძღვანელო პრინციპებთან. შესაბამისად, სამართალდამცველების მხრიდან სპეციალური ღონისძიებების განხორციელება ხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად. თანმიმდევრულად და განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ანალოგიურად მოქმედებდა პოლიცია ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების დროსაც", - განაცხადა კუპატაძემ.
მისი თქმით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს დონორ-ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა საერთაშორისო სწავლებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული და ისინი გადამზადებული არიან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
„მათ საერთაშორისო დონის სწავლებები გავლილი აქვთ, როგორც საქართველოში, ასევე, გერმანიაში, ბულგარეთში, ნიდერლანდებში, იტალიაში, საფრანგეთსა და თურქეთის რესპუბლიკაში", - განაცხადა კუპატაძემ.
მისი თქმით, შსს-ს თანამშრომლებს გადამზადება გავლილი აქვთ: კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირებისა და მოლაპარაკებების, შეკრებისა და მანიფესტაციის ეფექტიანი მართვისა და საჯარო დემონსტრაციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ძალის გამოყენების შესახებ.
გარდა ამისა, კუპატაძის განმარტებით, აქციებზე პოლიციის ეკიპირება და ტექნიკა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
„ეკიპირება, სპეციალური ტექნიკა, აღჭურვილობა და სპეციალური საშუალებები, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გამოიყენებენ, არის საერთაშორისო სტანდარტის და მათი უმეტესი ნაწილი შეძენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში", - განაცხადა კუპატაძემ.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები. მათი თქმით, ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
საპროტესტო აქციაზე არეულობის დროს ათობით ადამიანი დაშავდა, რომელთა უმეტესობას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. შსს-ს ინფორმაციით, დაშავდა ექვსი სამართალდამცველი, 63 მომიტინგე კი დააკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0