ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტარებს საქართველოში საპროტესტო მუხტის გაძლიერება სურთ

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2024
გამოწერა
ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებენ.
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელისადმი ევროპარლამენტარების მიმართვა „უცხოური გავლენის გამჭივრვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო მუხტის მხარდაჭერისკენაა მიმართული, განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპარლამენტის 30-ზე მეტმა დეპუტატმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელს ერთობლივი წერილით მიმართა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერების, სამთავრობო პროგრამების დაფინანსების გადახედვის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკომისიის მიერ დადგენილი ცხრა პუნქტის რეალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასების წარდგენისკენ მოუწოდა. მათი თქმით, „უცხოური აგენტების შესახებ" რუსული კანონის ანალოგის მიღებითა და სკანდალური კანონპროექტის მოწინააღმდეგე მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით ხელისუფლებამ ყველა ზღვარს გადააბიჯა.
„ჩვენ უკვე ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია და ვფიქრობ, რომ ამ 31 ევროპარლამენტარს შეეძლო საკუთარი მოსაზრებები იმ რეზოლუციაში დაეფიქსირებინათ, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა. არ ვიცი ევროპარლამენტარებს რა დარჩათ სათქმელი რეზოლუციის მიღმა, თუმცა ეს არის კიდევ დამატებითი ინსტრუმენტი, რომ რამენაირად დაეხმარონ საპროტესტო მუხტს და შექმნან დამატებითი ახალი ამბავი საქართველოში", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს ხელისუფლებამ გაცნობიერებულად გააკეთა, რომელიც ეყრდნობოდა ქართველი ხალხის ნებას და ამ გზაზე ევროპარლამენტის 31 დეპუტატის განცხადება საქართველოს მისწრაფებას ვერ დააბრკოლებს.
„მე დავსვამდი კითხვას - რას ემსახურება და ვის ინტერესებშია ევროპარლამენტარების მსგავსი სურვილები? საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე არ არის ხუმრობით გაკეთებული განაცხადი. ეს არის აბსოლუტურად გაცნობიერებულად გაკეთებული განაცხადი საქართველოს ხელისუფლების მიერ, რომელიც, რა თქმა უნდა, ეფუძნება ქართველი ხალხის ნებას და მას ნამდვილად ვერ დაუდგება წინ 31 ევროპარლამენტარის განცხადება", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
24 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდა ევროსაბჭოს არ გახსნას საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, სანამ დღის წესრიგში დგას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებებში კი საუბარია უვიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ასევე ლგბტ* პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივის გაწვევაზე.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ.
სკანდალური კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მას „რუსულ კანონს უწოდებენ", ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, რომლებმაც მოახდინეს მისი ინიცირება და ხმა მისცეს - მონებს. 15 აპრილიდან ისინი თბილისში ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მართავენ, 30 აპრილიდან მშვიდობიანი საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები კანონის გაწვევას მოითხოვენ. ხელისუფლება კი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები. მათი თქმით, ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს.
ყველა ახალი ამბავი
0