რადიკალიზმი თუ მშვიდობიანი პროტესტი? პოლიტიკოსებმა საქართველოში მიმდინარე აქციები შეაფასეს

© photo: Sputnik / Stringerაქციის დაშლა. 2024 წლის 1 მაისი
აქციის დაშლა. 2024 წლის 1 მაისი - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2024
გამოწერა
ოპოზიციის რეალური განზრახვა არის რევოლუციის მოწყობა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, დარწმუნებულები არიან დეპუტატები
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მაქსიმალურად არის დაცული, თუმცა გარკვეული ძალები ცდილობენ რადიკალური ხასიათი შესძინონ აქციებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ, - განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ხატია წილოსანმა.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს, ბოთლებს და კვამლის ბომბებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
„საქართველოში გამოხატვის თავისუფლება მაქსიმალურად დაცულია. ძალიან ცალსახად დავინახეთ პროცესების რადიკალიზაცია. მათ შორის იყო ადმინისტრაციულ შენობებზე შტურმის მცდელობა. გარდა ამისა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ იყო აგრესია... ვნახეთ აგრესიული თავდასხმები აქციის მონაწილეების მხრიდან იმ ადამიანებზე, რომლებიც არ უერთდებოდნენ მათ პროტესტს. ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ ექსტრემიზმით არის გაჯერებული ბევრი მათგანის დამოკიდებულება“, - განაცხადა წილოსანმა.
დეპუტატები საკამათო კანონპროექტის განხილვას მესამე მოსმენით მომავალ კვირაში დაუბრუნდებიან. ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი კანონის გაწვევას მოითხოვენ. ხელისუფლება კი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს.
განხილვის დროს ოპოზიციამ ვერც ერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინა, რომელიც საშუალებას მისცემდა დეპუტატებს რამე ცვლილება შეეტანათ კანონში ისე, რომ ის უკეთესი გამხდარიყო, განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
„ოპოზიცია ამ კანონს უბრალოდ იყენებს საბაბად და მათი რეალური განზრახვა არის საქართველოში რევოლუციის მოხდენა ხელისუფლების ხელში ასაღებად. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კარგად აცნობიერებს ამ კანონპროექტის მიზანსაც და მომხრე არის ქვეყნის სუვერენიტეტის“, - განაცხადა სეფაშვილმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები. მათი თქმით, ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს.
ყველა ახალი ამბავი
0