პოლიციის ფორმის ჩაცმას გეგმავდნენ: შსს-მ თბილისში აქციის მონაწილეების გეგმები გახსნა

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქციები თბილისში. 2024 წლის 3 მაისი
საპროტესტო აქციები თბილისში. 2024 წლის 3 მაისი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2024
გამოწერა
პარასკევს საღამოს საპროტესტო აქციები სამ ადგილას გაიმართა: პუშკინის სკვერში, „ქართული ოცნების“ ოფისთან და პარლამენტის წინ.
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ პოლიციის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირებას, ასევე ჩაეცვათ პოლიციელების ფორმა, თითქოს ძალოვანები მათ შეუერთდნენ, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
თბილისში საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება. თავდაპირველად, მოვლენების ეპიცენტრი იყო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ ბოლო დღეებში დემონსტრანტებმა დაიწყეს მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალების გადაკეტვა ქალაქის ცენტრში. 30 აპრილსა და 1 მაისს პარლამენტთან დაწყებული საპროტესტო აქციები გადაიზარდა არეულობაში, რომელიც დილამდე გაგრძელდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება, ასევე, აპირებდნენ, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ში აღნიშნეს, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების მონაწილეები შეკრება-მანიფესტაციის დროს, ასევე, სხვადასხვა მედია-საშუალებით მიმართავენ პოლიციელებს და მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ მათ პროტესტს.
„იმის გამო, რომ მათ მიერ დასახული მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდა, აქციის მხარდამჭერები სხვადასხვა სოციალურ ქსელში ღიად სვამენ კითხვებს, იმის თაობაზე თუ როგორ არის შესაძლებელი პოლიციის უნიფორმისა და ეკიპირების მოძიება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან დაკავშირებით, შსს-მ მოუწოდა ოპოზიციას და აქციების ორგანიზატორებს თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციებისგან.
„მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, აქციის ორგანიზატორებსა და მსგავსი განზრახვის მქონე პირებს, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან და პატივი სცენ სამართალდამცველთა პროფესიულ საქმიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
პარასკევს საღამოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს პუშკინის სკვერის ტერიტორიაზე, იმ სასტუმროსთან, სადაც აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური კონფერენცია იმართებოდა, მოგვიანებით კი მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს.
პარალელურად აქცია რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ იმართებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0