კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“: რამდენი ადამიანი დაშავდა აქციებზე

© photo: Sputnik / Stringerაქცია პარლამენტთან. 2024 წლის 1 მაისი
აქცია პარლამენტთან. 2024 წლის 1 მაისი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2024
გამოწერა
აქცია, რომელიც თავიდან მშვიდობიანი იყო, არაერთხელ გადაიზარდა შეტაკებებში მომიტინგეებსა და ძალოვანებს შორის
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. 1-2 მაისს საპროტესტო აქციების დროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განახორციელეს, იუწყება ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
1 და 2 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აქციის მონაწილეები პარლამენტის ეზოში ქვებს, ბოთლებს და სხვადასხვა საგნებს ისროდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ჰოსპიტალიზებულებს შორის სამართალდამცავებიც არიან. აქციის დროს დაშავებულთა ნაწილი კლინიკებიდან უკვე გაწერეს.
შსს-ს ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში უწყების შვიდი თანამშრომელი დაშავდა.
აღსანიშნავია, რომ 2 მაისს პარლამენტის შენობაში, ბიუროსა და პლენარულ სხდომებზე დაგეგმილი ღონისძიებები არ გაიმართება, რადგან აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს ინფრასტრუქტურა დააზიანეს.
კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
ყველა ახალი ამბავი
0