ლიბერალები ეკლესიას პროპაგანდით ებრძვიან - საქართველოს პრემიერი

© Government of Georgia Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2024
გამოწერა
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ე.წ. ლიბერალების თავდასხმების განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენს, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. ლიბერალები, ისევე როგორც თავის დროზე ბოლშევიკები, დიდი ენთუზიაზმით ებრძვიან ეკლესიას, მთავარ იარაღად კი იყენებენ პროპაგანდას, რომელსაც დიდი ძალა აქვს მედიის ტოტალური კონტროლის პირობებში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ეს განცხადება მთავრობის მეთაურმა გააკეთა კონსერვატიული პოლიტიკური ინიციატივის კონფერენციაზე (Conservative Political Action Conference, CPAC), რომელიც უნგრეთში მიმდინარეობს.
„ე.წ. ლიბერალები განსაკუთრებული ენთუზიაზმით ებრძვიან ქრისტიანობას. ე.წ. ლიბერალებსა და ბოლშევიკებს შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ბოლშევიკები რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად უროს იყენებდნენ, ე.წ. ლიბერალები კი ქრისტიანობას პროპაგანდით ებრძვიან, რომელსაც მედიის ტოტალური კონტროლის პირობებში, უროზე ბევრად დიდი ძალა აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მათი თავდასხმების განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენს.
„ორიოდე დღის წინ ქართველმა ე.წ. ლიბერალებმა საქართველოს ეროვნული იდენტობის კონცეფციის შეცვლაც კი სცადეს და სიტყვები - მამული, ენა, სარწმუნოება სიტყვებით - მამული, ენა, ერთობა ჩაანაცვლეს. სიტყვა სარწმუნოება ამოიღეს ერის იდენტობის განსაზღვრებიდან“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ე.წ. ლიბერალების კონცეფციით, არა მხოლოდ ქვეყანასა და ერს, ცალკეულ ადამიანსაც კი არ უნდა ჰქონდეს რაიმე მყარი იდენტობა.
„არ უნდა არსებობდეს რაიმე მორალური ზღვარი ადამიანის პირად ცხოვრებაში. ამ პროპაგანდას აქვს შემაშფოთებელი შედეგები როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, როგორც სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, აშშ-ში და ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში, 18-25 წლის მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტი საკუთარ თავს ლგბტ პირად აცხადებს.
„ეს მაჩვენებელი სამჯერ ნაკლებია 26-32 წლის ასაკის ახალგაზრდებში, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპაგანდამ ლგბტ პირების რაოდენობა სულ რაღაც 7 წელიწადში გაასამმაგა“, - აღნიშნა პრემიერმა.
ე.წ. ლიბერალების პოზიციის მიხედვით, ადამიანს არ უნდა ჰქონდეს მყარი გენდერული იდენტობა და ის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე თავად უნდა ირჩევდეს საკუთარ სქესს. ბავშვსაც კი უნდა ჰქონდეს სქესის არჩევისა და შეცვლის უფლება. ე.წ. ლიბერალებისთვის მიუღებელია გენდერულად განსაზღვრული ტერმინების გამოყენება, როგორებიცაა, მაგალითად, ქალი და კაცი ან დედა და მამა. აღნიშნა პრემიერმა.
„რამდენიმე ათეული წლის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ცივილიზებულ სამყაროში ასეთ საკითხებზე მოგვიწევდა სერიოზულად მსჯელობა. თუმცა, ფაქტია, რომ ამ თემებზე დღეს არა მხოლოდ სერიოზული მსჯელობა წარიმართება, არამედ ყველა, ვინც საპირისპირო პოზიციას გამოხატავს, ზუსტად ისევე ხდება დევნის ობიექტი, როგორც წარსულში ბოლშევიკები დევნიდნენ მოაზროვნე ადამიანებს და ეკლესიის მსახურებს“, - განაცხადა მან.
ზოგადად ე.წ. ლიბერალები, რომლებიც ხშირად იყენებენ თავისუფლებას როგორც შირმას, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ.
„ე.წ. ლიბერალისთვის სინამდვილეში სრულიად უცხოა ისეთი ღირებულებები, როგორიცაა თავისუფლება და შემწყნარებლობა“, - აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ამ მიდგომის გაგრძელებაა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კამპანია, რომელსაც ე.წ. ლიბერალები აქტიურად აწარმოებენ, მათ შორის საქართველოში.
„ნარკოტიკებმა ადამიანი მოაზროვნე ინდივიდიდან ღირებულებებისგან დაცლილ სუბიექტად უნდა აქციოს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ე.წ. ლიბერალები ასევე ებრძვიან ქვეყნის იდენტობის ისეთ უმნიშვნელოვანეს საყრდენს, როგორიც სახელმწიფო სუვერენიტეტია.
„თუ პროცესები იმ მიმართულებით წარიმართა, რა მიმართულებითაც დღემდე წარიმართება, სახელმწიფო სუვერენიტეტს მალე უკვე ფორმალურადაც ზუსტად ისეთივე მიუღებელ ღირებულებად გამოაცხადებენ, როგორადაც დღეს ქვეყნის ეროვნულ და რელიგიურ იდენტობას გვიცხადებენ“, - აღნიშნა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო კვლავაც წარმატებულად იცავს როგორც თავის ეროვნულ და რელიგიურ იდენტობას, ისე თავის ტრადიციულ ღირებულებებს.
„თუმცა, ჩვენს წინაშეც ურთულესი გამოწვევები დგას. ე.წ. ლიბერალები აქტიურად ცდილობენ, ქართულ საზოგადოებაში საკუთარი იდეოლოგია გაავრცელონ და სახელმწიფოს და საზოგადოების საფუძვლები შეარყიონ“, - აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, ჩვენ საქართველოს პარლამენტში დავაინიციირეთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად. კანონპროექტი კრძალავს ერთნაირსქესიანი სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებას, ერთნაირსქესიანი ან პოლიგამიური წყვილის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანას, ადამიანის სქესის შეცვლას და სხვ.
„გვაქვს დიდი იმედი, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას წარმატებით დაუპირისპირდება და ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ხელისუფლებამ მარტის ბოლოს დააანონსა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის გეგმები, აპრილის დასაწყისში კი პარლამენტში ორი კანონპროექტი შევიდა. არგუმენტად დასახელდა ოჯახური ღირებულებების და მომავალი თაობის დაცვის აუცილებლობა ფსევდო-ლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან.
ყველა ახალი ამბავი
0