ევროპარლამენტი საქართველოზე რეზოლუციას მიიღებს: მმართველი პარტიის და ოპოზიციის არგუმენტები

© photo: Sputnik / Алексей Витвицкий / გადასვლა მედიაბანკშიევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2024
გამოწერა
ევროდეპუტატების ნაწილმა რეზოლუციის პროექტი დააინიცირა, რომელიც ითვალისწინებს „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისა და იმ დეპუტატების დასანქცირებას ითვალისწინებს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს დაუჭერენ მხარს
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. ევროპარლამენტის წევრები საქართველოში „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო რეზოლუციის კენჭისყრისთვის ემზადებიან - მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ რეზოლუციის სული არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს, ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ ამ გზით ევროპელი მეგობრები საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენას ცდილობენ.
ევროდეპუტატების ნაწილმა რეზოლუციის პროექტი დააინიცირა, რომელიც ითვალისწინებს „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისა და იმ დეპუტატების დასანქცირებას ითვალისწინებს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს დაუჭერენ მხარს. გარდა ამისა, გაკეთდა განცხადებები ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, ასევე გაისმა მუქარები სადავო კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების შეწყვეტის თაობაზე.
„როდესაც მსგავსი რეზოლუციების სულისკვეთება აცდენილია ევროპულ ღირებულებებს... წინააღმდეგობაში მოდის გამჭვირვალობის ფასეულობასთან, ამ შემთხვევაში ჩვენ ვირჩევთ, რა საკვირველია, არა ცალკეული სუბიექტური პირების აზრს, არამედ პრინციპებსა და ღირებულებებს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს არ შეუშლია.
„საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, როგორც კანონის უზენაესობის ჭრილში იყო, ისევე დღესაც გამჭვირვალობის ასპექტში ეს პროცესი ჩვენს ქვეყანაშიც იქნება ბოლომდე მიყვანილი და ეს პროცესი ასევე წაადგება და ხელს ნამდვილად არ შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციის გზას“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
სამწუხაროდ, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციები საქართველოსთან დაკავშირებით არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ დანაშაულებრივია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში, თავის მხრივ განაცხადა დეპუტატმა, პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
„არავის სჯერა ისეთი რეზოლუციის, რომელიც სიმართლეს არ ეყრდნობა. საქართველო ევროატლანტიკური სივრცის გზაზე დგას და სუვერენიტეტის შენარჩუნება რომ გვინდა, ეს სწორედ ევროპული ღირებულებაა, რასაც ევროპარლამენტის ვერცერთი რეზოლუცია ვერაფერს დააკლებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
განსხვავებული აზრი აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს. ისინი იმეორებენ, რომ საქართველოს ყველა საერთაშორისო მეგობარი, მათ შორის აშშ, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, ევროკომისია და ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი მკაფიოდ აცხადებენ, რომ ინიცირებული კანონი საქართველოს ევროინტეგრაციას აფერხებს.
პაპუაშვილმა ევროპარლამენტარების ბრალდებებს მწვავედ უპასუხა>>
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ისინი სწორედ ამიტომ მოითხოვენ კანონპროექტის პარლამენტიდან გატანას და საქართველოს მოქალაქეების ნების გათვალისწინებას, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და ყველაფერს გააკეთებენ ამ ევროპული არჩევანის დასაცავად.
„ამიტომ ევროპარლამენტის მხრიდან ამგვარი მკაცრი ოფციების განხილვა, მათ შორის, შესაძლებელია პერსონალური სანქციების განხილვის დაწყებაც კი, ბუნებრივია, გასაკვირი ვერ იქნება, რადგან ქართველ ხალხთან და იმ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც მხარდამხარ ყოველდღე რუსთაველზე დგანან, საქართველოს ევროპელი მეგობრები ცდილობენ, საქართველოს ევროპული მომავალი გადაარჩინონ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ წლიური დეკლარაციები, პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
სადავო კანონპროექტი
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
ყველა ახალი ამბავი
0