მეტი ინვესტიცია: დავითაშვილი ოფშორებიდან თანხების გადმოტანის საგადასახადო შეღავათებზე

© Parliament of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2024
გამოწერა
კანონი შესაძლებელს გახდის, რომ საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების ქვეყანად იქცეს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველო, ოფშორებიდან თანხების გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათების შემოღებით, მოიზიდავს მეტ კაპიტალს და ინვესტიციებს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათების შემოღებას საქართველოში ოფშორული ანგარიშებიდან თანხების შემოტანისას. ოპოზიციამ გააკრიტიკა ცვლილებები და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ კრიმინალურ და სპეცსამსახურების ფულს მოიზიდავს, გაართულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ზიანს მიაყენებს მის რეპუტაციას. ასევე, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ცვლილებების მიღება ხდება იმისთვის, რომ ქართველმა მილიარდერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თავიდან აიცილოს დასავლეთის შესაძლო სანქციები.
„კანონი იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ ქვეყანაში მოვიზიდოთ უფრო მეტი კაპიტალი, მეტი ინვესტიცია, ასევე მეტი ქონება და საქართველო გახდეს მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების ქვეყანა ინვესტორებისთვის - ამ შემთხვევაში არის მყარი ლოგიკა და მოტივაციები, რომლებიც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში", - განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა განმარტა, ხელისუფლებას აქამდეც არაერთხელ მიუღია ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, რომლებიც საგადასახადო შეღავათებს გულისხმობდა ამა თუ იმ მიმართულების წასახალისებლად.
„ეს არის სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანა, ვფიქრობ, რომ წარმატებით ახორციელებს. წინა წლებში ჩვენ საგადასახადო ლიბერალიზაცია მოვახდინეთ ამა თუ იმ მიმართულებით, იმისთვის, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო ყოფილიყო კიდევ უფრო მიმზიდველი. დღეს, ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად ადეკვატური კანონია, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად, მსოფლიოში ასეთი ტენდენციებია- ნაკლებია ნდობა შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის ქვეყნების მიმართ", - განაცხადა დავითაშვილმა.
ოფშორებიდან საქართველოში თანხების გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათები დაწესდება>>>
ვიცე-პრემიერის ვარაუდით, სამთავრობო გუნდში საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით ახალი ინიციატივები იქნება.
„რა თქმა უნდა, ამაზე ეკონომიკური გუნდი იმსჯელებს და მერე შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივებში გადაიზარდოს, რომელიც შეეხება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს და ფართო მასებს", - აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, დავითაშვილმა გამორიცხა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებით ქვეყნის რეპუტაციის შელახვის შესაძლებლობა.
„ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგად აწყობილი საფინანსო სისტემა, რომელიც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მოთხოვნებთან და პრინციპებთან, რაც გამორიცხავს იმას, რომ საქართველოს რაიმე კუთხით შეეხოს რეპუტაციულად ზიანი ან რაიმე კუთხით დაისვას გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კითხვები“,- განაცხადა დავითაშვილმა.
პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის თანახმად, საუბარია მხოლოდ იმ აქტივებზე, რომლებიც ქართულ საწარმოებს 2028 წლის 1 იანვრამდე გადაეცემათ იმ პირობით, რომ საქართველოში და ოფშორებში არსებული აქტივების 100 პროცენტი ერთი და იგივე კომპანიის ან პირის საკუთრებაშია.
კანონპროექტის თანახმად, ოფშორული კომპანიებიდან აქტივების გადაცემისას მიმღები ქართული კომპანია თავისუფლდება ამ აქტივზე იმპორტის გადასახადისგან, თუ ოპერაცია 2028 წლის 1 იანვრამდე დასრულდება.
ამასთან, ასეთ ტრანზაქციაში მონაწილე საწარმო ოფშორული კომპანიისგან საქართველოში ფიზიკური აქტივის მიღებისას 2030 წლის 1 იანვრამდე იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება.
ყველა ახალი ამბავი
0