ვინ აზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში: არჩილ თალაკვაძის მოსაზრება

© photo: Sputnik / Stringerარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2024
გამოწერა
საზოგადოების გამჭვირვალობა და ინფორმირება დემოკრატიის ფუნდამენტური პირობაა, განაცხადა ვიცე-პრემიერმა
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. დღეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასა და მის იდეის ზიანს აყენებენ ის პარტიები, რომლებიც იმალებიან არასამთავრობო სექტორის ზურგს უკან და არა ხელისუფლება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ცდილობს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის გამო საქართველოს პარლამენტის წინ მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს დასავლელი პარტნიორები. ოთხშაბათს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა სკანდალური კანონპროექტი პირველი მოსმენით მაინც მიიღეს.
„თუ ვინმე ან რამე დღეს აზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას და სამოქალაქო საზოგადოების იდეას, ეს არის სწორედ არასამთავრობო სექტორს ამოფარებული პოლიტიკური ჯგუფები და პარტიები, რომლებიც მთელ რიგ შემთხვევებში პარალელურად ასევე არიან არასამთავრობო ორგანიზაციებად დარეგისტრირებული“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, ასეთ პარტიებს ერთის მხრივ სურთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება, მეორეს მხრივ - ამის გაკეთება ღიად არ სურთ.
„ამიტომ ეს უნდა იყოს გამჭვირვალე და თავიანთი საქმიანობა განაგრძონ, მაგრამ თქვან, საიდან იღებენ დაფინანსებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნესს და სახელმწიფო სექტორს ევალებათ თავიანთი ფინანსების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება.
ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ საზოგადოების ღიაობა და ინფორმირება დემოკრატიის ფუნდამენტური პირობაა და აღნიშნული ინიციატივა სწორედ ამას ემსახურებოდა.
„აქამდე ვერცერთი სოლიდური არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, რატომ ეწინააღმდეგებიან საქართველოს ინტერესებს, მისი სუვერენიტეტის და დემოკრატიული სისტემის დაცვას გარე ჩარევისგან“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ვიცე-სპიკერის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ უკან ამოფარებული პარტიები „ქვეყანაში ძალადობასა და დესტაბილიზაციას პირდაპირ აორგანიზებენ“.
„არიან ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობდნენ, თუმცა ხელისუფლებამ ეს პროვოკაცია თავიდან აიცილა, რაც ძირს უთხრიდა ქვეყნის დემოკრატიას. მაგალითები ადასტურებს, რომ საჭიროა გამჭვირვალობა, ვალდებულება, რომ დეკლარაცია ჩააბარონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
მმართველმა პარტიამ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
ყველა ახალი ამბავი
0