ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტს საგამოძიებო სამსახური შეისწავლის

© photo: Sputnik / Stringerალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2024
გამოწერა
საკითხის შესწავლა სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გარემოებების შესწავლა, რა დროსაც პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო.
ინციდენტი მოხდა აქციაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას აპროტესტებდნენ.
ელისაშვილი პოლიციამ 17 აპრილის ღამეს, მთავრობის კანცელარიასთან პოლიციის კორდონზე თავდასხმის შემდეგ დააკავა. ის დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. დეპუტატს ნეკნი აქვს მოტეხილი და სახის არეში დაზიანებები აღენიშნება. დეპუტატი აცხადებს, რომ დაზიანებები მას პოლიციამ მიაყენა.
საკითხის შესწავლა სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ახლა საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები დეპუტატის გამოკითხვას აპირებენ.
საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს, 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომლის მიღებასაც ეწინააღმდეგება როგორც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ქვეყნის დასავლელი პარტნიორები. კანონის მიღების წინააღმდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები გვიან ღამით დაიშალნენ.
მანამდე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში საჯარო განხილვა შესთავაზა. მისი თქმით, საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას „კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ".
უკვე ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოიყენებს ვეტოს უფლებას იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად იმისა, რომ იგი დაძლეული იქნება. სამივე მოსმენით კანონი სავარაუდოდ 17 მაისს იქნება მიღებული.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
მმართველმა პარტიამ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
ყველა ახალი ამბავი
0