პაპუაშვილი: პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფოდ არ თვლის

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2024
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ.
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სკანდალურ კანონპროექტთან დაკავშირებით ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონისთვის მიმართვით დაგვანახა, რომ ის საქართველოს სახელმწიფოდ არ მიიჩნევს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა მაკრონს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს თხოვნით მიმართა საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის.
„მე არც კი ვიცი საერთოდ ასეთი რამე, ისტორიაში ასეთი გამოცდილება თუ არსებობს. ჩვენ გვახსოვს, როდესაც საქართველო 30 წლის წინ იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი, ცენტრში როდესაც მიდიოდა საჩივრები. თუ მას ეს მიდგომა აქვს, რომ ვიღაცას უნდა უჩივლოს სხვა სახელმწიფოში, საფრანგეთის პრეზიდენტი რა შუაშია საერთოდ საქართველოს პარლამენტის საქმიანობასთან?! აბსოლუტურად გაუგონარი დამოკიდებულება არის გამოჩენილი ქალბატონი სალომეს მხრიდან ქვეყნის მიმართ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი ძირს უთხრის ქვეყნის დამოუკიდებლობის საფუძველს, ფიქრობს რა, რომ ვიღაცამ უნდა უკარნახოს ხელისუფლებას, როგორ მოიქცეს.
„პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორც ხალხის წარმომადგენელმა. ის ფიქრობს, რომ უცხო ქვეყნის ლიდერებთან უნდა იჩივლოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რათა შემდეგ მათ ქართველი ხალხის ლიდერები დაარწმუნონ, რა კანონი მიიღონ და რა - არა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ყოფნა საერთაშორისო თანამეგობრობაში ქალბატონ სალომეს და ბევრს, ამ ჯგუფიდან, ისე მიაჩნია, რომ საქართველოს უნდა უკარნახონ სხვა ქვეყნის ლიდერებმა, რა აკეთოს და რა - არა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც სპიკერმა აღნიშნა, ქვეყნის შიგნით არავინ წარმოუდგენია არგუმენტირებული პასუხი, თუ რატომ არ უნდა იქნას მიღებული ასეთი კანონი.
„არც ერთი არგუმენტი არ წარმოადგინეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც გვესმის, ისაა, რომ ვიღაცამ თქვა, რა კანონი უნდა მივიღოთ და რა - არა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უმარტივეს საკითხებზეა მსჯელობა - თუ დააკვირდებით რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში აგრესიაში იყვნენ ჩართული, ყველას უკან წყაროდ ნახავთ NED-ის, EED-ის დაფინანსებას. გამოაქვეყნონ, რას უმალავენ ქართველ ხალხს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ 2023 წელს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევის მთავარი პირობა იყო NED-ის და EED-ის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება. თუმცა, ორივე ფონდმა უარი თქვა ქართველი ხალხისთვის ინფორმაციის გამჟღავნებაზე, თუ რა პროექტებს აფინანსებენ საქართველოში.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების წინააღმდეგ უკვე გამოვიდა როგორც „დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი" (NED), ისე „ეროვნული ფონდი დემოკრატიისთვის" (EED).
სადავო კანონპროექტი
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
ყველა ახალი ამბავი
0