ნარიყალას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო

© Sputnik / Alexander Imedashviliძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2024
გამოწერა
ნარიყალას რესტავრაცია მიმდინარეობს პროექტ „ახალი ტფილისის" ფარგლებში.
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ნარიყალას ციხის რესტავრაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ თავრობის სხდომაზე.
2017 წლის დეკემბერში ნარიყალას რესტავრაციის პირველი ეტაპი დასრულდა - სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და ამისთვის 715 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში დასრულდა სატრაპეზოს პირველ სართულზე კერამიკული ფილებით იატაკის მოწყობის სამუშაოები, ქვაფენილით მოპირკეთდა გალავნის შესასვლელიდან ტაძრის ეზომდე ასასვლელი გზა.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო. კალაძის თქმით, ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს შიდა და გარე პერიმეტრის განახლებას და მხატვრულ-დეკორატიული მინათების მოწყობას. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 13 მლნ ლარია.
„ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2017-2018 წლებში განხორციელდა. გალავნის ერთი ნაწილი რეაბილიტირებულია, დარჩენილი ნაწილი კი ამ პროექტის ფარგლებში, სრულად მიწესრიგდება. განათება შეიცვლება, დაემატება საფეხმავლო ბილიკები. სამუშაოების ფარგლებში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ღამის მინათება გამორთული იქნება“, – განაცხადა კალაძემ.
სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გაუწევს.
ნარიყალას ციხე-სიმაგრე თბილისის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ჩვენამდე მოღწეული ძირითადი ნაგებობები XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს მომხდარმა მიწისძვრამ ის მნიშვნელოვნად დააზიანა.
90-იან წლებში ნარიყალას რესტავრაციის მცდელობები იყო, აღორძინდა წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, რომელიც ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე უკვე მე-12 საუკუნეში მდებარეობდა, მაგრამ დღეისათვის ის ავარიულ მდგომარეობაშია.
ყველა ახალი ამბავი
0