„ისწავლე და დასაქმდი“ - თბილისის მერიის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerპროფსასწავლებელი
პროფსასწავლებელი - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2024
გამოწერა
პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების სწავლება მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით და მათი დასაქმების ხელშეწყობა.
თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. თბილისის მერია იწყებს პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი" ახალ ეტაპს და პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია 10 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით განხორციელდება ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მათი დასაქმების ხელშეწყობას.

„პროგრამას წელს 15 ახალი მიმართულება დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეების მომზადება/გადამზადება 65 სპეციალობაში იქნება შესაძლებელი. აღნიშნულ კურსებზე სწავლას მუნიციპალიტეტი დააფინანსებს. მიმდინარე წელს მომზადება/გადამზადების კურსს გაივლის 1 ათასამდე მოქალაქე", - განაცხადა კალაძემ.

პროგრამაში მონაწილეობა თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს 18 წლიდან შეუძლიათ. თითოეული კურსის ხანგრძლივობა, რომელიც მოიცავს როგორც თეორიას, ისე პრაქტიკას, სამი თვეა. ყველა სტუდენტი, ვინც კურსს დაასრულებს, სერტიფიკატს მიიღებს.
პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი" 2018 წელს ამოქმედდა, ამ პერიოდის განმავლობაში გადამზადდა დაახლოებით 9 ათასი ადამიანი, საიდანაც 70% დასაქმდა.
ყველა ახალი ამბავი
0